ახალი ამბები

ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე გამოძიებას ითხოვს

26 მაისი, 2020 • 1419
ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე გამოძიებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და მთავრობის შესაძლო კორუფციულ რისკებზე საუბრობს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ 2019 წელს 200 მლნ ლარზე მეტი საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა, სამართალდამცველი ორგანოების რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს.

“ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე მართლაც სარეკორდო რიცხვზეა. არ ჩანს, რაში იხარჯება ამდენი ფული. ეს დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობას ვუტოვებთ გადასახდელს ვალს, ოღონდ ამ ვალით არაფერს ვაკეთებთ. ეს არა მხოლოდ თავმოუბმელობის და უნიათობის მაგალითია, ეს არის პირდაპირ დანაშაული. აუცილებლად მიგვაჩნია, აუდიტის ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს, რატომ აქვს ნულოვანი ათვისება ამ პროექტებს. ვალი აიღო და საერთოდ არაფერია არ გააკეთო, 0% გქონდეს შესრულება, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს”, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, “ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის სერიოზული კორუფცია, რაც გამოძიების საგანია”.

“ყველა დიდ პროექტს ასრულებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ღებულობენ დიდძალ ფულს პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის. პროკურატურას შესასწავლად უნდა გადაეცეს ეს საკითხი”, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ყველა სტრატეგიული პროექტი გრძელდება, თუმცა დაწვრილებითი განხილვა აუდიტის სამსახურის დასკვნის საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში გაიმართება.

აუდიტის დასკვნას არ გასცნობია პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ თემის შეფასებისას ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდებს მიმართავს.

“ანგარიშს არ გავცნობივარ, ეს ჩემი პირადი ყურადღების მიღმა დარჩა. ალბათ, ჩვენი ეკონომიკური გუნდი ამ თემაზე გაგვცემს ამაზე პასუხს. კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ყველა თემის სკანდალურ კლასტერში გადაყვანა არასწორია და ამ თემაზე, რასაკვირველია, პასუხები არსებობს… მოყირჭებული თემაა მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაკავშირებით. თუ რამე ინფორმაცია აქვთ [ოპოზიციას], გამოამჟღავნონ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოქვეყნა. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სისტემური ხასიათის საკითხებს შორისაა უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილის დაბალი ათვისება, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

კერძოდ, ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს, ხოლო 11 საინვესტიციო პროექტს საერთოდ ნულოვანი ათვისება აქვს.

მთავრობამ 11 პროექტისთვის უცხოეთიდან მოზიდული სესხი საერთოდ ვერ აითვისა – აუდიტი

მასალების გადაბეჭდვის წესი