ახალი ამბები

მთავრობამ 11 პროექტისთვის უცხოეთიდან მოზიდული სესხი საერთოდ ვერ აითვისა – აუდიტი

26 მაისი, 2020 • 1451
მთავრობამ 11 პროექტისთვის უცხოეთიდან მოზიდული სესხი საერთოდ ვერ აითვისა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოქვეყნა. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სისტემური ხასიათის საკითხებს შორისაა უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილის დაბალი ათვისება, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

კერძოდ, ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს, ხოლო 11 საინვესტიციო პროექტს საერთოდ ნულოვანი ათვისება აქვს. შედეგად, საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადიდან (4.8 მლნ ლარი), 1.2 მლნ ლარი გადახდილია 70%-ზე დაბალი ათვისების მქონე 9 საინვესტიციო კრედიტზე.

11 საინვესტიციო პროექტი, რომელთაც ნულოვანი ათვისება აქვს:

  1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA), სადაც ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით გათვალისწინებული იყო 48 850 000 ლარის ათვისება;
  2. რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი) (WB); თავდაპირველი კანონი – 30 ათასი ლარი;
  3. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW); თავდაპირველი კანონი -15 000 000 ლარი;
  4. საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG); თავდაპირველი კანონი 55 000 00 ლარი, ბიუჯეტის კანონის ცვლილება – 15 000 000 ლარი;
  5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW); თავდაპირველი კანონი – 9 500 000 ლარი;
  6. გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW); თავდაპირველი კანონით 4 500 000 ლარი;
  7. ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (KfW, EBRD); თავდაპირველი კანონი – 13 500 000 ლარი, ბიუჯეტის კანონის ცვლილება – 1 500 000 ლარი;
  8. თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა – გაზი) (EBRD); თავდაპირველი კანონით 75 000 000 ლარი;
  9. 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (KfW); თავდაპირველი კანონით 5 000 000 ლარი;
  10. საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) – თავდაპირველი კანონით 5 000 000 ლარი, ცვლილება – 1 600 000 ლარი;
  11. ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) – თავდაპირველი კანონი – 9 000 000 ლარი;

2019 წელს საინვესტიციო კრედიტების სახით საგარეო წყაროებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 978 მლნ ლარი, რაც თავდაპირველი გეგმის 75%-ს შეადგენს და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. აუდიტის სამსახურის თანახმად, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზია საინვესტიციო კრედიტების მნიშვნელოვნად დაბალი ათვისება წლიურ გეგმასთან მიმართებაში.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული 1.301 მილიარდი ლარის მოცულობის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით დაიგეგმა 52 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება. ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, მათი დაფინანსება, ჯამურად, 370 მლნ ლარით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 4 ისეთი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო არც თავდაპირველი ბიუჯეტის კანონით და არც კანონში განხორციელებული ცვლილებით. დაუგეგმავი პროექტების ფარგლებში წლის ბოლოს საკრედიტო რესურსის ათვისებამ 3.7 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტების განმახორციელებლების ინფორმაციით, ძირითადად პროექტების შემაფერხებელი მიზეზებია: სატენდერო პროცედურების გაჭიანურება, განსახლების პრობლემები, დონორთან მოლაპარაკების გაჭიანურება, კონტრაქტორის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემები, პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი გეოლოგიური სირთულეები, პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ხარვეზები, საზედამხედველო ორგანიზაციის მოძიების პრობლემები, საკანონმდებლო ცვლილებების გაჭიანურება და ტრანშის ჩამორიცხვის გადავადება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი