ახალი ამბები

რომელი ქვეყნები აპირებენ საზღვრების გახსნას უახლოეს მომავალში

26 მაისი, 2020 • 1585
რომელი ქვეყნები აპირებენ საზღვრების გახსნას უახლოეს მომავალში

ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის ჩავლასთან ერთად, მთავრობების გადაყწვეტილებით, ზაფხულიდან ტურიზმი უნდა აღდგეს. სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტების მიღების თარიღები განსხვავდება — მაგალითად, საბერძნეთი ტურისტების მიღებას 15 ივნისიდან აპირებს, ესპანეთი კი – 1 ივლისიდან.

„ნეტგაზეთმა“ შეკრიბა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნები, როდიდან და რა პირობებით აპირებენ უცხოელი ვიზიტორების მიღებას:

საბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მითსოთაკისის განცხადებით, „ტურისტული სეზონი იწყება 15 ივნისს, როცა სეზონურ სასტუმროებს გახსნის საშუალება მიეცემათ. მოდით, ეს ზაფხული [COVID-19-ის] კრიზისის ეპილოგად ვაქციოთ“, — ციტირებს მას BBC.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, საბერძნეთი ტურიზმის წახალისებისთვის მისი ღირებულების შემცირებასაც აპირებს — დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, VAT) ყველა სახის ტრანსპორტზე — ფრენებზე, ავტობუსებსა და სარკინიგზო მიმოსვლაზე დროებით დაიწევს 24 პროცენტიდან 13 პროცენტამდე.

გარდა ამისა, უცხოეთიდან ჩასულ ტურისტებს საბერძნეთი კორონავირუსზე ტესტის გავლასაც შესთავაზებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ყველა ტურისტი თუ მოახერებს ამ ტესტის მიღებას.

პორტუგალია

22 მაისს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუგუსტო სან სილვამ განაცხადა, რომ „პორტუგალიის კარი ტურისტებისთვის ღიაა“, წერს „როიტერსი“.

მისი თქმით, ჩასულ ტურისტებს აეროპორტებში ჯანმრთელობის გარკვეული შემოწმების გავლა მოუწევთ, თუმცა ჩასული პირებისთვის სავალდებულო კარანტინი არ დაწესდება.

გერმანია

31 ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენას აპირებს გერმანიაც, იუწყება „როიტერსი“. გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრებს გახსნის.

როგორც „როიტერსი“ წერს, ოთხშაბათს ანგელა მერკელის კაბინეტმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრ 26 ქვეყანასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან და ლიხტენშტეინთან მოგზაურობის შეზღუდვები მოხსნას, თუ ინფიცირების მაჩვენებელი დაბალი დარჩება.

თუმცა, გერმანიის ფედერალური სისტემიდან გამომდინარე, ზოგიერთი ფედერალური მიწის ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს, შეზღუდვები ძალაში მაინც დატოვოს.

ესპანეთი

1 ივლისიდან ტურისტების მიღებას გეგმავს ესპანეთიც — ევროპაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა.

„ივლისიდან საგარეო ტურიზმი უსაფრთხოების პირობებში გაგრძელდება. გარანტიას ვიძლევით, რომ ტურისტები არ იქნებიან რისკის ქვეშ და არც ჩვენ მოგვიტანენ რისკებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

თუმცა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს, ჯერჯერობით უცნობია.

ისლანდია

15 ივნისიდან ტურისტების მიღებას ისლანდიაც გეგმავს. მაისში იქ კორონავირუსის მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, წერს „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლების გეგმის მიხედვით (ის ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია), ვიზიტორებს არჩევანის საშუალება ექნებათ: ჩასვლისას ან კორონავირუსზე ტესტის გავლა, ან ორკვირიანი კარანტინი.

ისრაელი

კომერციული ფრენების აღდგენას იმ ქვეყნებთან, სადაც COVID-19-ის ინფიცირების მაჩვენებლები დაბალია, ისრაელი 1 ივლისიდან აპირებს, იუწყება The Times of Israel.

როგორც გამოცემა წერს, 1 ივლისიდან ტურიზმი აღდგება საბერძნეთთან და კვიპროსთან, ოდნავ მოგვიანებით კი, სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, ისრაელი სხვა ქვეყნებთანაც მწვანე კორიდორების შექმნას აპირებს, მათ შორის, საქართველოსთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი