საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა იყოს, სადაც ტურისტების მიღება აღდგება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ ნაბიჯები უკვე გადადგა.
გიორგი გახარიას თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს უსაფრთხო, “მწვანე კორიდორი” ექენება – ისრაელია:
“დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებები გვაქვს, რომელიც სულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვუმასპინძლოთ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც, და ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი”, – ამბობს გახარია.