ახალი ამბებირეკლამა

26 მაისი

26 მაისი, 2020 • 5566
26 მაისი

„საქართველოს ღრუბლიან ციდან 26-მა მაისმა ჩამოანათა,” – ამბობს ნოე ჟორდანია 1918 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებაზე საუბრისას. ამ სტატიაში დროში ვიმოგზაურებთ და საუკუნისწინანდელ და დღევანდელ საქართველოს ვნახავთ.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1918 წლის 26 მაისს თბილისში, მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა,“ – ვკითხულობთ აქტის პირველ მუხლში.

მომდევნო წელს გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები. კრება არჩეული იყო პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს.

1919 წელს გამართულ არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა და  კრებაში 109 დეპუტატი შეიყვანა. მათგან ხუთი ქალი იყო:

[checklist]

  • ქრისტინე შარაშიძე
  • ანა სოლოღაშვილი
  • ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
  • ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
  • მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

[/checklist]

სხვა პარტიებშიც არაერთი ქალი ერთიანდებოდა, თუმცა საარჩევნო სიაში გამსვლელ პოზიციებზე არ ეწერენ.

დამოუკიდებელ საქართველოს ჰქონდა გერბი, დროშა და ჰიმნი. საქართველო  აღიარეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არგენტინა, რუსეთი, პოლონეთი, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია, ავსტრია,  მექსიკა და ა.შ. 

1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. ამ დროს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. წითელი არმია ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. თბილისისა და დასავლეთ საქართველოს დაცემის შემდეგ, მთავრობამ ბათუმისკენ დაიხია, სადაც დამფუძნებელი კრების სხდომა ჩატარდა. ამ  კრების გადაწყვეტილებით, კანონიერად არჩეული მთავრობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა. 

დაბადება – თავი II

რუსული ანექსია ამჯერად 70 წელი  გაგრძელდა.

1988 წელს საქართველოში ანტისაბჭოური მოძრაობა გააქტიურდა. მომდევნო წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეა“ ჩატარდა, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა, ნაცვლად ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსისა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტინგების სერია მოაწყვეს. 

5 აპრილს რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართეს და შიმშილობა დაიწყეს აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. 

9 აპრილს დაიწყო აქციის  სისხლიანი დარბევა. დარბევისას გამოიყენეს მომაკვდინებელი იარაღები: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. მიღებული დაზიანებებით საქართველოში 21 ადამიანი გარდაიცვალა.

იური როსტის ფოტო

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. 

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 

თანამედროვე საქართველო

რუსეთი სამხედრო ფორმით საქართველოს დამოუკიდებლობაში კიდევ ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ჩაერია, როცა საზღვარი  გადმოკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 

ცოცხალი ჯაჭვი

ცოცხალი ჯაჭვი აგვისტოს ომის შემდეგ.

შემდეგ იყო ბევრი ქარტეხილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მოქალაქეები გავერთიანდით და ერთად დავძლიეთ პრობლემები.

13 ივნისის წყალდიდობა.

კორონავირუსთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე

ქალებმა Covid-19-ით ინფიცირებულის ოჯახს მოსავალი შეუნარჩუნეს

 

26 მაისს საქართველო იშვა. არ გაჩერდე საქართველო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი