ახალი ამბები

ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

26 მაისი, 2020 • 1528
ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

ბარებისა და ღამის კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ისინი დღეს, 26 მაისს, დედაენის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი.

მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე საუბარია იმ მძიმე ვითარებაზე, რაც პანდემიამ შექმნა არა მხოლოდ ბარებისა და ღამის კლუბების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ტურიზმის სექტორში.

“შექმნილი ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას”, – ნათქვამია მიმართვაში. ბარებისა და ღამის კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოს ღია სივრცეების გამოყოფასაც სთხოვენ. საუაბარია სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ღია სარეკრეაციო სივრცეებზე, რომელსაც ისინი დროებით საკუთარი საქმიანობისთვის გამოიყენებენ.

“დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი – „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე”, – აცხადებენ ისინი.

როგორც კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ ნეტგაზეთს უთხრა, ასეთი სივრცეები საკმაოდ ბევრია და სხვადასხვა დროს აქ ფესტივალებიც ტარდება. მისივე თქმით, ამ ზაფხულს ამ სივრცეების მაქსიმალურად გამოყენების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

“თუნდაც ქალაქის ცენტრში მერიის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებული უამრავი უყურადღებოდ დატოვებული სივრცეა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტულად მიმზიდველ და, შესაბამისად, ეკონომიკისთვის ძალიან კარგ პროექტად ვაქციოთ”,- აცხადებს “დედაენის ბარის” დამფუძნებელი დათა ლაფაური.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები ასევე ითხოვენ, საკრედიტო-საგარნტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფო მათაც დაეხმაროს, რათა ამ ვითარებაში ფინანსებზე ხელი მიუწვდებოდეთ. ამასთან აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში სესხის რესტრუქტურიზაციაც გახდება საჭირო, რაშიც მთავრობას თანადგომას სთხოვენ.

“იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ს კუთხით. მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნესერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფრაგლებში)”, – წერია მიმართვაში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ მათ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩართულობა, ლაფაური გვპასუხობს:

“საქართველოში ძალიან კარგი მოდელი გვაქვს “აწარმოე საქართველოშის” სახით… ზუსტად ასეთი მოდელის გადმოღება შეუძლიათ ბარებისა და კლუბების შემთხვევაშიც. ანუ სახელმწიფო შუამდგომლობს კომპანიებს კერძო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ამ შემთხვევაში -ბანკებთან, რომლებსაც კრედიტის აღება სურთ. ანუ გვინდა საკრედიტო-საგარნტიო სქემით ჩვენც ვისარგებლოთ.”

ქეთა გაბუნია აცხადებს, რომ ბანკების მიერ დროებითი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, საბანკო ვალდებულებები მძიმე ტვირთად დააწვებათ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება, რათა კრიზის დასრულების შემდეგ, როცა მათ ობიექტებზე მოთხოვნა ისევ გაჩნდება, საქმიანობის გაგრძელება ისევ შეძლონ:

“ამ სფეროში დიდი თანხა არ ტრიალებს, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენგანს ბანკებთან ურთიერთობა უწევს. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ახალგაზრდების ინიციატივებით აშენებული სფეროა. ზოგს იჯარის გადასახადი აქვს ძალიან მაღალი, ზოგსაც კი დიდი კრედიტი აქვს. ჩვენთვის მთავარია, ამ პერიოდში რაიმე საგრანტო პროგრამით მაინც დაგვეხმაროს სახელმწიფო, რათა ფუნქციონირების გაგრძელება შევძლოთ.

მომავალ წელს, როცა ეს პანდემია აღარ იქნება და საჭირო გახდება ქვეყნის თავიდან ამოქოქვა, თუნდაც ტურიზმის მიმართულებით, კაფე-ბარებისა და ღამის კლუბების გარეშე ძალიან გაუჭირდება ქვეყანას იმ ტურისტული პოტენციალის დაბრუნება, რაც ჰქონდა. დახმარება გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და თანამშრომლები, რომლებსაც სხვაგან დასაქმების შანსი არ აქვთ, მაგალითად, დიჯეებს, ხმის რეჟისორებს და ა.შ.”

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა ბარებისა და კლუბებისთვის მეიჯარეებთან ურთიერთობაა, რადგან საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე ისინი ქირას ითხოვენ:

“ასევე ვითხოვთ შუამდგომლობას მეიჯარეებთან, რომლებთანაც საგანგებო მდგომარეობის შემდგომ პერიოდში უკვე შეგვექმნება პრობლემები, რადგან ისინი ხელშეკრულებით განსაზღვრულ კუთვნილ თანხას მოითხოვენ… გვინდა შეგვიმსუბუქონ ყოფა იმიტომ, რომ დავკარგავთ იმ სივრცეებს, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია.”

ბარებისა და კაფეების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის მერიის პროგრამამ “ღამის ეკონომიკამ” მათი ჩართულობის გარეშე მოამზადა კვლევა ამ სექტორის საჭიროებებზე. მათი განცხადებით, სფერო სპეციფიკური ბიზნესმიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ მათი ჩართულობით არის შესაძლებელი.

“ამ კვლევაში კლუბების უმრავლესობას, ანუ მათ, ვისაც ამ სფეროში საკვანძო როლი აქვთ, მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, ის არის ფუჭი და რა შედეგიც არ უნდა დაედოთ, იქ ჩვენი ჩართულობა არ ყოფილა”, – აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი