ნეტგაზეთი | საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა – თალაკვაძე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა – თალაკვაძე – Netgazeti

საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა – თალაკვაძე

ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკუთარ სიტყვაში საბჭოთა ოკუპაციაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით და შემდეგომ უკვე საბჭოთა კავშირში გაერთიანებით, ქვეყნის განვითარება თითქმის 70 წლით შეფერხდა. არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ 1918 წლის 26 მაისიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება დაიწყო, რაც საბჭოთა ოკუპაციამ შეაჩერა:

“102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა ვერ შეაჩერა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის გამტკიცებაში თავისი წვლილი შეაქვს”.

ამას გარდა, თალაკვაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოკუპაციის პროცესი დღესაც გრძელდება:

“მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს
ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.