საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედროებს მიმართა.
“დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული ვითარებით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი აქ მოსვლით, თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ურთულესი კრიზისის დროს საქართველომ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი, მაგრამ “ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ”.
“როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და, რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არცერთ ეტაპზე არ დაურღევევია დემოკრატიის პრინციპები; ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, გადაადგილების უფლება კი მხოლოდ ნაწილობრივად შეიზღუდა.
“არ გამოცხადებულა სრული კარანტინი. არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. არც აღმსარებლობის თავისუფლება. ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომაროება დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან. საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღეზე დადგა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ესაუბრა 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მათ ერთხმად აღიარეს საქართველოს მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა.
“ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მარდაჭერა. თუმცა ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ – ეს ასე არ არის. აწი, ჩვენზე ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისგან. ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ბრძოლაში ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, რადგან დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას.
“ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებასა და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და, მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძებლობებს, მაგრამ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას. პირველად კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლუოში”, – განაცხადა სალმე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის.
“ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსუელი ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკების სწორი მიმართულებებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება. ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ეს არის სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცლებლობა. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია ანაქრონიზმია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა აშშ-თან და ევროპასთან თანამშრომლობის გარღმავებაზე, ასევე, ნატო-სთან ერთობლივი გეგმების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
“ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას. განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს, ბიომრავალფეროვნებას. როგორც ამ კრიზისის დროს დავამტკციეთ, ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი გააჩნია. 26 მაისი ერთანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა. ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.