ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება – კალაძე

25 მაისი, 2020 • 2272
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი უცნობია და ასევე უცნობია, თუ რა პირობებში და რა რეკომენდაციების დაცვით მოუწევს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა:

“ზუსტი თარიღი უცნობია, ჩვენ არ გვაქვს ეგ ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ხალხმა ავტობუსში, მეტროში და მიკროავტობუსში. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას”, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 15 ივლისამდე არ განაახლოს, კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია და “სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა”.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ თბილისის მერიას ამ ეტაპზე 700-მდე ავტობუსი ჰყავს, თუმცა საგანგებო მდგომარეობამდე ქალაქში 500 მათგანი გადაადგილდებოდა. საჭიროების შემთხვევაში კი სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი