ახალი ამბები

ჩიკვაიძეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კედელი ჩამოეშალა

24 მაისი, 2020 • 1261
ჩიკვაიძეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კედელი ჩამოეშალა

თბილისში, კრწანისის რაიონში, ჩიკვაიძის ქუჩაზე სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს კედელი ჩამოეშალა. შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა.

ნეტგაზეთს კრწანისის გამგეობაში უთხრეს, რომ კედლის ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლის ამ ნაწილის გამაგრება დაიწყეს, ვინაიდნან, ის განსაკუთრებულად დაზიანებულიყო.

თუმცა, სამუშაოების დაწყებიდან მალევე, ქარისა და წვიმის გამო, კედელი ჩამოიშალა. გამგეობაში ასევე ამბობენ, რომ სახლის ამ ნაწილში სამუშაოების მიმდინარეობისას არავინ ცხოვრობდა.

ჩამოშლილი კედელი ჩიკაიძის ქუჩაზე. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე

ამ სახლის მიღმა ძველი ეკლესია და სასაფლაო მდებარეობს, გამგეობაში ამბობენ, რომ მთლიანად შენობების ეს მონაკვეთი კულტურული ძეგლია, თუმცა, მათი მდგომარეობა მძიმეა და მათ კაპიტალური გამაგრება სჭირდებათ.

„სანამ კაპიტალური გამარეგბის პროცესი დაიწყება, ჯერ უნდა დაიწეროს პროექტი, დამტკიცდეს, შემოწმდეს ხარვეზებზე.. სანამ ამ ყველაფერს განვახორციელებდით, გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ჩიკვაიძის 6-ში, სახლის ყველაზე დაზიანებული ფლიგელი გაემაგრებინა.

გამაგრების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ქარისა და წვიმის გამო კედელი ჩამოიშალა,“ – ამბობენ გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, მომავალში ამ შენობების გამაგრება იგეგმება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ამ უკანასკნელს ვინ დააფინანსებს – კრწანისის გამგეობა თუ თბილისის განვითარების ფონდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი