ნეტგაზეთი | სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თავისი შეფასებები დაასაბუთოს ან ბოდიში მოიხადოს – ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თავისი შეფასებები დაასაბუთოს ან ბოდიში მოიხადოს – ცერცვაძე – Netgazeti

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თავისი შეფასებები დაასაბუთოს ან ბოდიში მოიხადოს – ცერცვაძე

“ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს”, – წერია განცხადებაში, რომლითაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებას გამოეხმაურა.

სომხური მედიასაშუალების, arminfo.am-ის ინფორმაციით, არსენ ტოროსიანმა, საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელების შესახებ საუბრისისას, ეჭვი შეიტანა საქართველოში კორონავირუსზე ტესტების სიზუსტეში და ასევე, განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ პირებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ამასთან, ტოროსიანმა აღნიშნა, რომ სომხური ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია ვიდრე ქართული.

“არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს”, – აღნიშნულია ცერცვაძის განცხადებაში.

ცერცვაძის განცხადებაში განმარტებულია, რომ “ლუგარის” ლაბორატორია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში უნიკალურია და უმაღლესი დონით გამოირჩევა. აქ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები კი მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემის გამოყენებით სრულდება, რაც ყოველგვარ ცდომილებას გამორიცხავს.

“საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით ( სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადექვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი”, – წერია ცერცვაძის განცხადებაში.

განცხადების ბოლოს, თენგიზ ცერცვაძე მიმართავს არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს, ჩამოვიდნენ საქართველოში და გაეცნონ ქვეყნის გამოცდილებას COVID-19-ის მართვის სფეროში.

ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი