ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

23 მაისი, 2020 • 2355
ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2 -ის ეთერში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის სომხურ მედიაში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

armninfo.am-ის ინფორმაციით, არსენ ტოროსიანმა, საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელების შესახებ საუბრისისას, ეჭვი შეიტანა საქართველოში კორონავირუსზე ტესტების სიზუსტეში და  ასევე, განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ პირებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

“რამდენიმე საინფორმაციო წყაროთი გავრცელდა ეს ინფორმაცია და მეც ვნახე. ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ რომ მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან, თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა, ცოტა მეუცხოვა მისგან მსგავსი “არადიპლომატიური” განცხადება.

გამყრელიძის განმარტებითვე, “თუ საქართველოდან სომხეთში ჩასულ მძღოლს ან საქართველოს სხვა მოქალაქეს დაუდასტურდა ინფექცია,  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის მიხედვით, რომლის ხელმომწერებიც არიან სომხეთი და საქართველო, სომხეთს ამის შესახებ უნდა ეცნობებინა, როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ასევე საქართველოსთვის.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ასევე უსაფუძვლოა ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოში თითქოს სათანადოდ არ აღირიცხება კორონავირუსით დაავადების სტატისტიკა.

“ჩვენთან არ არის პანდემიის დროს ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ჰქონდა იტალიას და ბევრ სხვა ქვეყანას. ჩვენ ამ მონაცემებს სხვა წლების მონაცემებსაც ვადარებთ, მათ შორის პნევმონიით დაავადებას. დღეს საქართველოში იტესტება ყველა პნევმონიით დაავადებული.

ის 48 290 ტესტი, რომელიც დღემდე საქართველოში გაკეთდა, ყველა არის PCR ტესტი და ამ რიცხვში ის რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტები არ შეგვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მან [სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა] ეს განცხადება გააკეთა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი