ახალი ამბები

რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა „ღია ცის“ შეთანხმებას — სტოლტენბერგი

23 მაისი, 2020 • 1307
რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა „ღია ცის“ შეთანხმებას — სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში შეთანხმებასთან შეუსაბამო ნაბიჯებს დგავდა, მათ შორის ზღუდავდა ფრენებს კალინინგრადთან და საქართველოს საზღვართან. რუსეთის მიერ ღია შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების არჩევითი იმპლემენტაცია ძირს უთხრის ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების წვლილს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში“.

„NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ურთიერთობენ რუსეთთან, როგორც დედაქალაქებში, ისევე OSCE-ის ფარგლებში ვენაში იმისთვის, რომ რუსეთმა შეთანხმების პირობების დაცვა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შესრულება ხელშეკრულების სარგებლის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა“, — აღნიშნავს იგი.


აქამდე, აშშ-მ განაცხადა, რომ „ღია ცის“ შეთანხმებას რუსეთის დარღვევების გამო ტოვებდა.

ამ შეთანხმების თანახმად, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია.

შეთანხმება 2002 წელს მიიღეს, მისი ხელმომწერები კი, აშშ-ის გარდა, რუსეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო და 35-მდე სხვა სახელმწიფოა.

დეტალურად აშშ-ის განცხადებასა და მოსკოვის პასუხზე გაეცანით „ნეტგაზეთის“ მასალას:

აშშ „ღია ცის“ შეთანხმებიდან გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი