ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობისას ჯარიმებსა და საურავებზე დაწესებული საშეღავათო პერიოდი დასრულდა

23 მაისი, 2020 • 912
საგანგებო მდგომარეობისას ჯარიმებსა და საურავებზე დაწესებული საშეღავათო პერიოდი დასრულდა

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა ამ დრომდე დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა ეხება სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედ ჯარიმებს და მოქალაქეებს დღეიდან მიეცემათ ერთი თვის ვადა აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

სამინიტროს ინფორმაციით ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს შესთავაზებენ, უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით. ცენტრი კი მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე მისვლისას თან იქონიონ პირბადე.

ასევე შენარჩუნდება მომსახურების დისტანციური პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2 41 42 42 ან ელექტრონული ვებგვერდის – police.ge-ის მეშვეობით.

შსს-ს ინფორმაციით, 1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც “ერთი ფანჯრის” პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი