ახალი ამბები

ნიდერლანდებში სასამართლომ ქალს Facebook-დან შვილიშვილების ფოტოების წაშლა დააკისრა

22 მაისი, 2020 • 1523
ნიდერლანდებში სასამართლომ ქალს Facebook-დან შვილიშვილების ფოტოების წაშლა დააკისრა

ნიდერლანდებში, სასამართლომ ქალს დააკისრა Facebook-სა და Pinterest-ზე დადებული შვილიშვილების ფოტოების წაშლა, წერს BBC.

გამოცემის ცნობით, ქალმა ეს ფოტოები ბავშვების მშობლების ნებართვის გარეშე ატვირთა და მიუხედავად მათი თხოვნისა, წაშლაზე უარს ამბობდა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.

მოსამართლის განცხადებით, სადავო საკითხი შედიოდა ევროკავშირის მონაცემების ზოგადი დაცვის რეგულირების (GDPR) ფარგლებში.

BBC-ის ცნობით, GDRP არ ეხება „პირადულ“ ან „საშინაო“ მონაცემებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფოტოების სოციალურ მედიაში განთავსების გამო ისინი ხელმისაწვდომი გახდა უფრო ფართო აუდიტორიისთვის.

სასამართლოს თქმით, „ვერ გამოირიცხება ის გარემოება, რომFacebook-ის გამო განთავსებული ფოტოები არ გავრცელდება და, საბოლოო ჯამში, მესამე მხარის ხელში არ აღმოჩნდება“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალმა ეს ფოტოები უნდა წაშალოს ან ყოველდღე, ფოტოების წაშლამდე, გადაიხადოს ჯარიმა 50 ევროს ოენობით. ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 1000 ევრო შეიძლება იყოს.

მომავალში, ბავშვების ფოტოების განთავსების შემთხვევაში, ქალს დღეში დამატებით 50 ევროს ჯარიმა დაეკისრება.

Decoded Legal-ის ტექნოლოგიების ადვოკატი ნილ ბრაუნი BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ „[სასამართლოს] გადაწყვეტილება სიურპრიზი იქნება ბევრი ადამიანისთვის, ვინც ალბათ დიდად არ ფიქრობს, სანამ ფოტოს [სოციალურ ქსელში] განათავსებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი