ახალი ამბები

პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

22 მაისი, 2020 • 970
პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მეორე მოსმენით მხარდაჭერილ პროექტში კანონპროექტის ავტორებმა მიუთითეს, რომ შეზღუდვები დროებითი იქნება და 15 ივლისამდე იმოქმედებს, მანამდე კანონპროექტი  მთავრობას  შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე აძლევდა.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტიზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს არის “დიქტატორული კანონი”, რომელიც მთავრობას აძლევს რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი