ახალი ამბებისაზოგადოება

“პოლიტპატიმრები”, რეაქციები უცხოეთიდან და სუვერენიტეტი

22 მაისი, 2020 • 3990
“პოლიტპატიმრები”, რეაქციები უცხოეთიდან და სუვერენიტეტი

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებამ, რასაც წინ უძღოდა გავლენიანი ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლების მოწოდებები 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე “პოლიტპატიმრების გათავისუფლების” შესახებ, სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, ბიძგი მისცა დისკუსიას იმის თაობაზე, თუ რამდენად მყარია ქვეყნის სუვერენიტეტი.

დისკუსია რამდენიმე საკითხზე ფოკუსირდება: ხომ არ ერევიან უხეშად საგარეო აქტორები ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში და ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები შერჩევითად ხომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციას მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ?

“სუვერენიტეტის შეზღუდვა?”

სად გადის ზღვარი გაუმართლებელ ჩარევასა და პარტნიორობას შორის, რომელიც აღებული ვალდებულებების შესრულების ლეგიტიმურ მოთხოვნებსაც მოიცავს? 

ანალიტიკოსები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, მიუთითებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში არ არსებობს ისეთი აბსოლუტური სუვერენიტეტის ცნება, რომ სახელმწიფო თან იყოს გლობალური სიკეთეების მონაწილე, იღებდეს საერთაშორისო დახმარებებს და, ამავდროულად, უარს აცხადებდეს იმ ჩარჩოებში მოქცევაზე, რომელშიც სუვერენულ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ქცევის ნორმები და საერთაშორისო ორგანიზაციები აქცევს.  ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციას კი, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა და რომლის არსიც რუსეთის თავისებურებებზე, ინტერესებზე და განვითარების პრიორიტეტებზე დემოკრატიის „მორგებაში” მდგომარეობს, ხშირად ეფარებიან ავტოკრატიული მმართველები, რათა საკუთარი „არადემოკრატიულობის უფლება” დაიცვან.

„ძალიან მცირეა ისეთი ქვეყნები, რომლებიც საერთოდ არ განიცდიან საერთაშორისო ზემოქმედებას. ასეთი რამ თუ გინდა, უნდა იყო ჩრდილოეთ კორეა. ასე რომ, ბუნებრივი მოვლენაა, რომ შენზე საზოგადოებრივი და, მით უმეტეს, საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი გავლენას ახდენს”, — ამბობს ბაკურ კვაშილავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს სიტუაციას, მისი თქმით, აქ საქმე შემდგომში მდგომარეობს: „ჩვენ გვსურს იმ კლუბში გაწევრიანება, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნების კლუბი ჰქვია“ — ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე. ამ კლუბში გაწევრიანებისთვის კი აუცილებელია დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვა. 

„თუკი ამ კლუბში წევრობა გვსურს, ვიღებთ ხოლმე კრიტიკას და აქედან გამომდინარეობს ის ზეწოლა, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ცდილობდა, რომ დაერღვია ის მყიფე ბალანსი, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მომავალში მაინც  განავითაროს სრულფასოვანი დემოკრატია”, — ფიქრობს კვაშილავა.

„როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რამეს ვაბრალებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასოდეს, არცერთ მომენტში საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ჩვენთვის კარები არავის შემოუნგრევია, რომ ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანდითო”, – ეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის სიტყვებია.

მისი თქმით, „ჩვენ ვაკაკუნებთ ამ კარზე და ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორი ორგანიზაციის წევრობა დავიმსახუროთ”. 

„ამ ორი ორგანიზაციის წევრობის დამსახურებას კი თავისი თამაშის წესები აქვს — თუ არ ხარ დემოკრატია, არ ხარ იმ ღირებულებების მატარებელი, რაც მათ სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია, მაშინ შენთვის კარი არასდროს გაიღება. ეს არის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და რის გამოც მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ხშირად, მაგალითად, მოყვანილ უნგრეთს ან პოლონეთს, იმიტომ, რომ იმათ თავი ქუდში აქვთ. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს უსაფრთხოების ზონა ჯერჯერობით არ გვაქვს”, — აცხადებს ხიდაშელი და დასძენს, რომ თუკი საქართველო პირისპირ დარჩა რუსეთთან, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლა არის.

ბევრად უფრო სპეციფიკურად არის, ექსპერტების შეფასებით, საქმე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და Pacta sunt servanda-ს (ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს) პრინციპს ეფუძნება, რაც სამოქალაქო და საერთაშორისო სამართალში ხელშეკრულებისადმი ერთგულებას ნიშნავს.

„არანაირი სუვერენიტეტის დათმობაზე აქ არ არის საუბარი. ელჩები იყვნენ შუამავლები და შუამავალი არის პასუხისმგებელი ყველა მხარესთან, რომ შეთანხმება შესრულდეს. მათ ეს ნება გამოიჩინეს”, — ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, ძლიერი ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი აქ რეფორმებში დახმარებით და მონიტორინგით შემოიფარგლება.

„საქართველოს გადარჩენაზე, მათ შორის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვისგან ხსნაზე და აქ დემოკრატიის განვითარებაზე რამდენი აქვს დახარჯული იგივე შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს? რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობაც, რომ პროცესები წარიმართოს, როგორც გათვალისწინებულია სხვადასხვა შეთანხმებებით, მათ შორის, აშშ-თან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს  ვალდებულებებს. ამიტომ შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება, თუ გვთხოვენ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ეხება დემოკრატიას, მართლმსაჯულებას, სამართლიან არჩევნებს და ასე შემდეგ. ბევრმა უბრალოდ არ იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობები. ასეთი სუვერენიტეტი, რომ შენ მოდი, დამეხმარე და მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ, მსოფლიოში არავის აქვს”, — ამბობს გოგოლაშვილი.

მას მაგალითად მოჰყავს საქართველოზე გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფოს – ჩინეთის მაგალითი, რომელსაც „პასუხს სთხოვენ” იმაზე, რატომ დროულად არ გააგებინა მსოფლიოს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ.

„სასაცილო  არ იქნება, ჩინეთმა თავი იმით იმართლოს, რომ ეს ჩემი სუვერენული უფლება იყო და რატომ ერევითო?!”, — კითხულობს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილი ხაზს უსვამს, რომ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა დემოკრატიული ქვეყნების მონიტორინგი, ვინაიდან ადგილობრივი ინსტიტუტები და სამოქალაქო ზედამხედველობა ძალაუფლების ცენტრზე არ არის საკმარისად ძლიერი.

„შვედეთს, ნორვეგიას, დანიას ან შვეიცარიას, მაგალითად, არავინ ეტყვის, შენთან სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო, უნდა გააუქმოო. იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანი სასამართლო და მათ დაამტკიცეს, რომ დემოკრატიის ელიტაში არიან. ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს არა მარტო პირდაპირი, არამედ გაუცნობიერებელი დისკრიმინაცია, ვიღაცამ მონიტორინგი უნდა ჩაატაროს. შიდა მონიტორინგი ადვილად ტარდება იმ ქვეყნებში, სადაც არსებობენ, მაგალითად, ძლიერი პროფკავშირები, ან ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე და სადაც მოსახლეობის მოთხოვნაც დემოკრატიაზე მაღალია. ჩვენნაირ სახელმწიფოებში ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების საშუალებები დაბალია”, — აცხადებს გოგოლაშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრორუსული ნარატივის ჩამოყალიბებას დასავლეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის თაობაზე ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებაც.

„ეს პროცესი არ არის თვითდინებაზე მიშვებული, ჩემი აზრით, გარკვეულწილად მართულიც კია. ჩვენ გვახსოვს პროსამთავრობო ჯგუფების და ტროლების მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც ხელისუფლების პიართან ერთად, ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას მოიცავდა. სამწუხაროდ, დღეს “ქართულმა ოცნებამ” რეალური დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სწორ კომუნიკაციას არჩია საკუთარი თავის გადარჩენა თუნდაც ქვეყნის დასავლური მომავლის საზიანოდ. სუვერენიტეტის დარღვევაზე როდესაც არის საუბარი, უმრავლესობის არცერთ წევრს არ აუხსნია, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენი მეგობარი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გეხმარება, იმიტომ, რომ შენ სთხოვე მას, შენ გინდა დემოკრატიის აშენება და დასავლეთის ოჯახში ინტეგრირება, ის კი გეხმარება როგორც რეფორმების განხორციელებაში, ასევე ფინანსურად”, — აცხადებს აქუბარდია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ემხრობა ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში „მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ბაკურ კვაშილავას თქმით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ საქართველოში ხელისუფლებები გვერდს ვერ აუვლიან დასავლურ განწყობებს.

მხარდაჭერა დასავლეთიდან შერჩევითად?

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასავლეთში არსებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, გლობალისტები, რომელსაც მსოფლიო მმართველობისაკენ მიმავალი გეგმები აქვთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ გამოთქვა. 

მისივე თქმით, გასარკვევია ის, ვინც ამერიკიდან და ევროპიდან ეხმაურება ამ პროცესებს, რამდენად გამოხატავენ ზოგადად დასავლეთის პოზიციას, თუმცა „ალბათობა არსებობს, რომ ეს [დასავლეთის] ზოგად პოზიციასა და დამოკიდებულებაში გადაიზარდოს”. მისივე თქმით, იქამდე მივიდა საქმე, რომ არ იცის, დასავლეთმა მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! „შემოდიან და ისეთ კარზე აკაკუნებენ, რაც არ არის სწორი”.

„არასოდეს არცერთ ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოსთან დაკავშირებით ისეთი მძიმე დოკუმენტი არ მიუღია, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიიღო ევროპარლამენტმა”, — იხსენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმ მოსაზრების საპასუხოდ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები მიკერძოებულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.

რეზოლუციაში, რომელზეც თინა ხიდაშელი საუბრობს, ევროპარლამენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დახურვისა და საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადების გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილი ექვსდღიანი მიტინგი გადაიზარდა ძალადობაში მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა გადამეტებული ძალა დემონსტრაციის დასაშლელად. 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლას მკაცრი შეფასებები მისცეს ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ნატო-მ, ეუთო-მ.

საგარეო პოლიტიკური აქტორების მნიშვნელოვანი აქტივობის გარეშე არ ჩაუვლია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას „ქართული ოცნებისთვის”. 2012 წლის 30 იანვარს მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შორის თეთრ სახლში გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და „ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე ტარდება”.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ სენატორები ჯიმ რიში და შაჰინი, რომლებმაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების” ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე უარის, საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობისა და ოპოზიციის ლიდერების დევნის გამო. 

2012 წლის 2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში კი ისინი „ქართულ ოცნებას” გამარჯვებას ულოცავდნენ და პოლიტიკურ ლიდერებს არჩევნების შედეგის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

„დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე 2012 წელს ვერ დადგებოდა ის  შედეგები, რომელიც დადგა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ქვეყნები, რომელთაც გაუყალბებიათ არჩევნები უფრო დიდი მასშტაბებით, ვიდრე ეს იყო საჭირო 2012 წელს.  სულ რაღაც 10%-ის გაყალბებას შეეძლო გადაეწყვიტა არჩევნების ბედი ისე, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო ენმ. მაგრამ მთელი ერთი წლის განმავლობაში, ღიად და შეფარულად დასავლეთი აგრძნობინებდა „ნაციონალურ მოძრაობას”, რომ არ მიიღებდა საქართველოსგან ისეთ მოქმედებებს, რომელიც დაარღვევდა დემოკრატიის მინიმალურ პრინციპებს. ასე რომ, კრიტიკა მათი მიკერძოებულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება იმას, ვინც ხელისუფლებაშია. ენმ-ც დაახლოებით იგივე არგუმენტებს იყენებდა ოპოზიციის შესავიწროებლად, რასაც „ოცნება”. ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლი, რომლისგან დაზღვევის ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ ძალთა ბალანსია და ამის უზრუნველყოფას ცდილობენ დასავლელი მეგობრები”, — მიიჩნევს ბაკურ კვაშილავა.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თუ რამ განასხვავებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების წინა პერიოდის კრიტიკას დღევანდელი სიტუაციისგან, ეს არის პოლიტპატიმრების სახელებით და გვარებით დასახელება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოიწვია და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს საგანგებო ბრიფინგით მოუწოდა, „ნათელი მოჰფინონ” შეთანხმების შინაარსს, კერძოდ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

„რომ არა მისი განცხადება, როდესაც ელჩებს ფაქტობრივად უთხრა, მოწმედ დამიდექით ტყუილშიო, პოლიტპატიმრების ხსენებამდე საქმე არ მივიდოდა. მუდმივად იყო საუბარი უსამართლო მართლმსაჯულებაზე, მაგრამ გვარები და სახელებიც არასდროს ყოფილა“, — ამბობს თინა ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი