ახალი ამბები

კონსტიტუციასთან შეუსაბამობის პრობლემა რჩება – სამადაშვილი ხუნდაძის კანონპროექტზე

22 მაისი, 2020 • 728
კონსტიტუციასთან შეუსაბამობის პრობლემა რჩება – სამადაშვილი ხუნდაძის კანონპროექტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძისა და „ოცნების“ სხვა წევრების დეპუტატების კანონპროექტი, მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, მაინც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

საუბარია ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

ეს კანონპროექტი გუშინ, 21 მაისს, პირველი მოსმენით მიიღეს, დღეს კი მეორე მოსმენა იმართება. როგორც ხუნდაძემ დღევანდელ სხდომაზე განმარტა, კანონპროექტში ცვლილებები შევიდა.

„კანონპროექტი გუშინდელის შემდეგ ნამდვილად გაუმჯობესდა. გუშინ თუ წარმოგვიდგინეთ რაღაც ტექსტი, რომელიც ორუელის მოგონილ ენაზე იყო დაწერილი, დღეს გადმოგითარგმნიათ ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით მეტ-ნაკლებად და ეს კარგია. კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედვლობის როლი და ის, რომ პარლამენტში განვიხილოთ მთავრობის ინიციატივები.

თუმცა მაინც გაუგებარია, როგორ მოიხსნა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ამ კანონპროექტის არსის მთავარ საკითხს – ეს არის მისი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასთან.

ჩვენ დროებით გავალთ კონსტიტუციური მართვის ჩარჩოდან თუ შეუზღუდავი დროით – პრობლემა ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით რჩება ძალაში. კიდევ ერთხელ – დღეს ეს არის უკეთესად შეფუთული, უფრო ცივილურ ენაზე დაწერილი ტექსტი, მაგრამ არ მოხსნილა მთავარი პრობლემა – მე მაინცტერესებს და კიდევ ერთხელ გვიპასუხეთ – ეს კანონპროექტი არის თუ არა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან?“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

რაც შეეხება ხუნდაძეს, ამ კითხვაზე პასუხისას ვრცლად არ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„ჩვენ აქ ბევრი ვისაუბრეთ, თუ ვერ ვთანხმდებით.. საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს, თუკი ის დაადგენს, რომ არაკონსტიტუციურია, შემდგომი მექანიზმები არსებობს“, – ამატებს ხუნდაძე.

ცვლილებები ეხება ინიციატივაში ე.წ. დროებითობის საკითხს. ამაზე გუშინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა:

“ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული დროის განმავლობაში. მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ ასეთი რამ, რომ ის შეზღუდვები, რომელიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

პირობითად რომ ავიღოთ, 15 ივლისამდე, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებებიც დაკარგავს თავის აქტუალობას”,

მასალების გადაბეჭდვის წესი