ახალი ამბები

კანონპროექტით დაწესებული შეზღუდვები 15 ივლისამდე იმოქმედებს – ხუნდაძე

22 მაისი, 2020 • 901
კანონპროექტით დაწესებული შეზღუდვები 15 ივლისამდე იმოქმედებს – ხუნდაძე

პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მის მიერ მომზადებულ კანონპროეტში არსებული შეზღუდვები 15 ივლისამდე იქნება და ეს გარდამავალ დებულებებში გაიწერება. როგორც მან დღეს, 22 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას თქვა, კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის გაითვალისწინეს როგორც სახალხო დამცველის შენიშვნების დიდი ნაწილი, ასევე, პარლამენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების შენიშვნები.

“ვადასთან დაკავშირებით კონსულტაცია გავიარეთ და მივიღეთ გადაწყვეტულება, რომ გარდამავალ დებულებაში იქნება ასახული 15 ივლისი. ამ ვადასთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს მოსაზრებას… თავიდანვე როცა წარვადგინეთ ეს კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია ჯანდაცვის კომიტეტის წევრების მიერ და ამ წევრთა შორის უდიდესი ნაწილი ექიმია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პრინციპული იქნება, რადგან საქმე გვაქვს პანდემიასთან. ვადასთან დაკავშირებით იყო გამოთქმული აზრი, რომ ეს ყოფილიყო 15 ივლისი, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, ამ ვადას ვეთანხმებით და კანონპროეტშიც დავაფიქსირებთ, მაგრამ როგორც ექიმები, ამას გამართლებულად არ მივიჩნევთ, რამეთუ ეპიდემიის ვადას [ეპიდემიოლოგიური] ვითარება განსაზღვრავს”,-აცხადებს ხუნდაძე.

გუშინ, 21 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტიზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი