ახალი ამბები

რატომ ჩაკეტეს ბერებმა სამანქანო გზა ნამონასტრალიდან ასობით მეტრში

22 მაისი, 2020 • 2139
რატომ ჩაკეტეს ბერებმა სამანქანო გზა ნამონასტრალიდან ასობით მეტრში

ტყეში მიმავალი გზა, სადაც სასულიერო პირებმა ჭიშკარი დაამონტაჟეს და ჩაკეტეს, თბილისთან ახლოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ადგილზე მცხოვრები ბერები ამბობენ, რომ სამანქანო გზის გადაკეტვა საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ნამონასტრალის მიმდებარე ტერიტორიის რიგი საფრთხეებისაგან დასაცავად გადაწყვიტეს, თუმცა მოლაშქრეებს, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ ესმით, რატომ გახდა საჭირო ჭიშკრის დაბოქლომება საპატრიარქოს ნაკვეთიდან ასობით მეტრის მოშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც საჯაროა.

ორი ნაკვეთი სიმბოლურ ფასად

გზა, რომელიც ჭიშკრით დაიკეტა, ორ ნაკვეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ორივე მიწა სოფელ წოდორეთს ეკუთვნის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს 2016 წელს უსასყიდლოდ გადაეცა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით.

ერთი ნაკვეთი 10129 კვ.მ ფართობისაა. აქ იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი მდებარეობს, რომელიც, ადგილზე მცხოვრები სასულიერო პირის თქმით, 10 წელზე მეტი ხნის წინ აიგო, თუმცა მიწა, უკვე აშენებული ნაგებობებით, საპატრიარქოს მოგვიანებით დაუმტკიცდა. ამის მიზეზი, ბერ-მონაზვნის თანახმად, თავდაპირველად შეგროვილი დოკუმენტების დაკარგვა გახდა, რის შემდეგაც პროცესი ხელახლა გაიარეს და სწორედ ამის შემდეგ მიმართეს სახელმწიფოს ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით.

მეორე, ამავე ბრძანებით საპატრიარქოსთვის გადაცემული ნაკვეთი გაცილებით დიდია და 29820  კვ.მ-ს მოიცავს. ეკლესიამ მიწა ზემოხსენებულ ნაკვეთთან ერთად მოითხოვა მას შემდეგ, რაც ადგილზე აღმოაჩინეს ნაშთები, რომელიც სასულიერო პირის თანახმად, საუკუნეების წინანდელი ნამონასტრალია. მისი თქმით, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრებიც.

ახლა ორივე ნაკვეთს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი განკარგავს.

ჭიშკარი ნაკვეთიდან 700 მეტრში

ამბავი ტყეში გამავალი სამანქანო გზის ჩაკეტვის შესახებ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც აღნიშნულზე სოციალურ ქსელებში დაიჩივლეს. გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჭიშკრით ჩაკეტილი გზა ჩანდა, კონსტრუქციაზე კი მიმაგრებული იყო ტრაფარეტი, მინაწერით “საპატრიარქოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი”.

წერდნენ, რომ ჭიშკრის დაბოქლომებით სასულიერო პირებმა ჩაკეტეს ერთადერთი გრუნტის გზა, რომელიც ხეობაში შედიოდა და საიდანაც არაერთი სალაშქრო მარშრუტის დაგეგმვა იყო შესაძლებელი წოდორეთისკენ, მუხათწყაროსკენ, ლომის სერისკენ და სხვა მიმართულებით.

ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ ნამონასტრალი, რომლის ტერიტორიაც საპატრიარქოს საკუთრებაშია, ჭიშკრიდან 700 მეტრით არის დაშორებული.

შესაბამისად, მისთვის და სხვა მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფაქტს აკრიტიკებდნენ, გაუგებარი იყო, რის საფუძველზე დააბოქლომეს ტერიტორია, რომელიც ეკლესიას არ ეკუთვნის.

ჭიშკარი ნამონასტრალის გზაზე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ტერიტორიის დაცვა ხის ჭრისგან, ცეცხლისგან – სასულიერო პირების პოზიცია

“ნეტგაზეთი” ვითარების გარკვევას ადგილზე შეეცადა. ნამონასტრალის ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, რის შემდეგაც მოშორებით მდებარე, უკვე მოქმედ მონასტერში გავესაუბრეთ სასულიერო პირს.

ბერ-დიაკვანი ნექტარი, რომელიც “ნეტგაზეთს” ესაუბრა, აღნიშნავს, რომ ნამონასტრალთან ახალი მონასტრის მშენებლობაც არის დაგეგმილი.

ნამონასტრალი ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მისი თქმით, ჭიშკარი ახალი არ არის და ის სასულიერო პირებმა დაახლოებით 1.5 წლის წინ გზაზე დაამონტაჟეს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული მონაკვეთი საკუთარი სახსრებით, მონასტრის საკუთრებაში არსებული ტრაქტორით მოასწორეს. მაშინ ჭიშკარი არ ჩაუკეტავთ. სასულიერო პირის თანახმად, მისი დაბოქლომება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს.

ბერ-დიაკვანი აღნიშნულ ნაბიჯს სამი ძირითადი მიზეზით ხსნის: ნამონასტრალის მიმდებარედ არსებული ნათესების დაცვა ავტომანქანებისაგან, ხე-ტყის უკანონო ჭრისაგან თავის დაზღვევა და დაუდევრობით ცეცხლის გაჩენის თავიდან არიდება.

ბერ-დიაკვნის თანახმად, სასულიერო პირებს ჭიშკრის ჩაკეტვისაკენ უბიძგათ ნამონასტრალის მიმდებარედ კოცონის მოზრდილი კვალის აღმოჩენამ. მისი ინფორმაციით, ასევე ნახეს ავტომანქანის კვალი ბერების მიერ დათესილი კარტოფილის კვლებზე.

“ფეხით მანდ გადავა კაცი. არავის ვუშლით.

…ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტყე არ მოიპარონ და არ დაგვბრალდეს ჩვენ და არ დაიწვას საქართველოს ტყე. ეს იყო მიზანი ამის გადაკეტვის. ჩვენ არ ვკეტავდით ამას, რომ არ ყოფილიყო ეს [კოცონის] პრეცედენტი”, – თქვა მან და ცეცხლის კვალზე მიუთითა.

კოცონის კვალი, რომლის აღმოჩენის შემდეგაც გადაწყდა ჭიშკრის ჩაკეტვა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

კითხვაზე, რატომ დამონტაჟდა ჭიშკარი ნაკვეთიდან 700 მეტრის მოშორებით სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ბერ-დიაკვანი გვპასუხობს:

“იმ ნაკვეთამდე მისულმა, უკვე შეიძლება მოიპარო შეშა. თუ იქამდე მივიდა მანქანა, მერე უკვე გვიან იქნება”.

სასულიერო პირის თანახმად, წლების წინ, სანამ ჭიშკარს დაამონტაჟებდნენ, მონასტერს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სთხოვეს, “მიწა მიეყარათ” აღნიშნულ გზაზე, რათა ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები თავიდან აეცილებინათ.

“ნეტგაზეთმა” სასულიერო პირს ასევე ჰკითხა, ხშირად იპარავდნენ თუ არა შეშას ჭიშკრის ჩაკეტვამდე.

“არაა ბევრი[შემთხვევა], მაგრამ რაღაც პრეცედენტები არის, თორემ ხომ არ გვეტყოდა სატყეო ადრე, მიაყარეთ მიწა, რომ არ გადავიდეს მანქანაო”, – აცხადებს ის.

ბერ-დიაკვანი ადასტურებს, რომ ნამონასტრალის მიმდებარედ მონასტრის წარმომადგენლებმაც მოჭრეს გარკვეული რაოდენობის ხე, თუმცა “ეს კანონის დაცვით მოხდა”.

 

სასულიერო პირის თქმით, ჭიშკრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება წინასწარ აცნობეს ადგილზე მომუშავე ტყის მცველს. ის ასევე ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია არის ჩიხი, საიდანაც ავტომანქანით ადამიანი ვერსად გადავა, შესაბამისად, ჭიშკრის დაბოქლომებით სალაშქრო მარშრუტები ვერ შეიზღუდებოდა.

“ეს არის ტუპიკი. არსად არ გადადის. სამანქანო გზა არ არის, ფეხით, კი ბატონო”,- აცხადებს ის.

ორი მოალაშქრე, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ადგილზე წლების განმავლობაში დადის სასეირნოდ და სალაშქროდ. მათი თქმით, ჭიშკრის დაბოქლომებით დაიკეტა საკმაოდ დიდი სივრცე, ტყის გზები, საითაც ადამიანებს ავტომობილით შეეძლოთ გადაადგილება. ერთ-ერთის თანახმად, აქამდე შესაძლებელი იყო ავტომობილით მისვლა ნამონასტრალთან ახლოს, მინდორზე, შემდგომ კი, გზის გაგრძელება ფეხით. მისივე თქმით, მართალია, ამ მარშრუტის გამოყენებით ჩვეულებრივი ავტომანქანა სხვა ხეობაში ვერ გადავა, თუმცა კვადროციკლით, მოტოციკლით ან ე.წ. ოფროუდერით ესეც შესაძლებელია.

თუმცა ჭიშკრის დამონტაჟების შემდეგ იქამდე მისვლა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ.

“…მაშინ,სად არის სახელმწიფო?”

“ნეტგაზეთმა” ფაქტის შეფასება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სთხოვა. უწყებაში ჭიშკრის მონტაჟის მართლზომიერებაზე არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ტყის უკანონო ჭრის კონტროლი მათი პრეროგატივაა.

“გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში ახორციელებს პატრულირებას, პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით და დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები გარემოს დაცვის სფეროში დადგენილი ნორმების, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევაში, მყისიერად ახდენენ რეაგირებას”, – აღნიშნეს დეპარტამენტში.

დავინტერესდით სატყეო სააგენტოს შეფასებითაც, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროა ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები და ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა, მანამდე კი კომენტარს ვერ მოგვცემენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში” მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირის მიერ დასახელებული საფრთხეებისაგან, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო ჭრა ან ხანძარი, ტერიტორიები სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

“თუ ეკლესიას მოჰყავს არგუმენტი, რომ მან რომელიმე ადგილს ჭიშკარი გაუკეთა, იმ მიზნით, რომ რაღაც ტერიტორიები დაიცვას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება არგუმენტი. მაშინ რისთვის გვყავს სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, ტერიტორიების დაცვაზე, ამ ტერიტორიებზე ქცევის წესების განსაზღვრაზე ან იმაზე, სად შეიძლება ცეცხლის დანთება და სად არა.

სამწუხაროდ, სახელმწიფო აჩვენებს სისუსტეს, როდესაც საკუთარი ძალაუფლება გადაუბოძა გარკვეულწილად საპატრიარქოს, ამიტომ ეს არგუმენტი ვერ იქნება. ეს არის თვითნებობა საპატრიარქოს მხრიდან, როცა მას უნდა, კონკრეტული ქონების მესაკუთრე იყოს და ყველა გზით აღწევს ამას”, – აცხადებს მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში აცხადებენ, რომ ჭიშკარი მუდმივად დაკეტილი არ იქნება და ნამონასტრალის აღდგენისა და იქ სასულიერო პირების დამკვიდრების შემდეგ გაიხსნება. მშენებლობის ვადები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი