ახალი ამბები

“ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო საჩივარზე მსჯელობა უნდა დაიწყონ, პროექტი თუ დამტკიცდება” – გოგიჩაიშვილი

21 მაისი, 2020 • 941
“ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო საჩივარზე მსჯელობა უნდა დაიწყონ, პროექტი თუ დამტკიცდება” – გოგიჩაიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, საკონსტიტუციო სარჩელზე მსჯელობა დაიწყონ.

დეპუტატი აცხადებს, რომ სავარაუდოდ საკუთრი უფლებამოსილების ფარგლებში დეპუტატების ნაწილიც მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს:

“ვერ დაგვარწმუნეთ, რომ ამის გარეშე ვერ შეუძლია ქვეყანას მართოს პროცესები. ამაში არაფერია ადამიანებზე ზრუნვისთვის. ამისთვის არსებობს კანონმდებლობა ქვეყანაში და ეს ზედმეტია, კნინდება პარლამენტის როლი. თუ მოხდება ამ კანონპროექტის მიღება, ყველა ორგანიზაციას მოვუწოდებ, ვისაც ეს ხელეწიფება, საკონსტიტუციო საჩივარზე დაიწყონ მსჯელობა როგორც ადამიანის უფლებების თავის მიხედვით. ასევე, საპარლამენტო უფლებამოსილების შემთხვევაში დეპუტატებს რა მიმართვაც შეგვიძლია, ჩვენც ვიფიქრებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ.

პოლიტიკური მოტივაციის მიღმა მე ამ კანონმდებლობაში ვერაფერს ვხედავ. თქვენ გინდათ მიიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ჩვენ შეგვიზღუდავს პოლიტიკურ უფლებებს და ეს შეუძლია გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ამ ნაწილში ჩემი ნდგობა არ აქვს”, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი