ახალი ამბები

იმედი მაქვს, საკონსტიტუციო გააუქმებს — ჩუგოშვილი კარანტინის შესახებ კანონპროექტზე

21 მაისი, 2020 • 853
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო გააუქმებს — ჩუგოშვილი კარანტინის შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ცვლილებებს  კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, თუკი პარლამენტმა დაამტკიცა.

ჩუგოშვილმა ეს განცხადება პარლამენტში  პროექტის განხილვისას გააკეთა.

„გვაქვს მოცემულობა, როცა ნაწილი აკრძალვების უკვე არის დაუსაბუთებელი და მოსახლეობაშიც საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას და აგრესიას იწვევს იმიტომ, რომ ვერ ხედავენ ისინი, რამდენად არის ეს პროპორციული არსებული ვითარების.

ყველამ ამ დარბაზში იცის, რომ ეს კანონპროექტი, ამ ფორმით ინიცირებული, არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ეს არის ძალიან ნათელი. ამაზე კამათსაც არ აქვს აზრი.

დღეს მოქმედ კანონში უკვე არის ჩანაწერი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომლითაც არის უზრუნველყოფილი საკარანტინო ღონისძიებები, არის ვალდებულება პირების, არ განახორციელონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის დაავადების გავრცელების საფრთხეს, ჩაიტარონ ყველა აუცილებელი პროცედურა, შეწყვიტონ ნებისმიერი საქმიანობა, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რომელიც შეიძლება საფრთხის შემქმნელი იყოს. არსებობს ვალდებულება, ყველამ დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რისკების შემთხვევაში გარკვეული წესები. ეს ყველაფერი უკვე არის კანონმდებლობაში.

რისი შეზღუდვა გინდათ, რასაც ეს ჩანაწერი არ ფარავს და რატომ არის ეს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების და ფუნდამენტური პრობლემა შევქმნათ იმაში, თუ რა არის პარლამენტის როლი და მთავრობის როლი.

თქვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მიიღებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას მალევე გააუქმებს, იმიტომ, რომ ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი. უბრალოდ, რატომ ვაკეთებთ [ვიღებთ ამ კანონპროექტს]? უბრალოდ, ვერ მივხვდი, რა სიკეთეს ემსახურება ასეთი სახიფათო კანონპროექტის მიღება.

თუკი რისკები გაიზარდა, დაავადება გავრცელდა, და დღევანდელი არსებული ჩანაწერი კანონში არ აღმოჩნდა საკმარისი, მოდით, მაშინ მივიღოთ ეს კანონი, ორ დღეში იღებთ, ორ თვეში ხომ არა. დაველოდოთ და თუ გაგვირთულდა სიტუაცია, შეიძლება ან საგანგებო მივიღოთ, ან შეიძლება ჩვენც ავდგეთ და გითხრათ, რომ მართლები იყავით. დღეს არ არის ქვეყანაში ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის, ან ამართლებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც თავდაყირა აყენებს ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას.

შეიძლება ეს ექიმებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ ვისაც კონსტიტუცია და სამართალი და სახელმწიფოს მოწყობა ესმის, იმათთვის არის ნომერ პირველი“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.


დიმიტრი ხუნდაძისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი