ახალი ამბები

ბოკერია ხუნდაძეს: აუხსენით კოლეგებს, რატომ ართმევთ ძალაუფლებას, რომელიც ხალხმა მიანიჭა

21 მაისი, 2020 • 695
ბოკერია ხუნდაძეს: აუხსენით კოლეგებს, რატომ ართმევთ ძალაუფლებას, რომელიც ხალხმა მიანიჭა

“ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების ერთ-ერთ ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ კანონპროექტით პარლამენტის უფლებამოსილება იზღუდება:

“მე ვერ გავიგე, ეს კანონი რისთვისაა საჭირო. ან ფიქრობთ, რომ ისეთ სისულელეს გააკეთებს მთავრობა, რომ თქვენი უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ან თქვენს უმრავლესობაში ცუდი ამბები ხდება, კარგ არგუმენტეს რომ მოიტანენ, საჭიროა საგანგებოს გაგრძელება, ჩააგდებთ, ან ჩვენი კითხვებია იმდენად გამაღიზიანებელია, რომ კითხვების მოსმენაც არ გინდათ.

რატომ ცვლით ამ ყველაფერს? პარლამენტს რატომ გინდათ ათქმევინოთ უარი, დაუჭირეთ ამ მთავრობას მხარი ყველა კარგ საქმეში. ჩემი შეფასებები გვერდით გადადეთ და თქვენს კოლეგებს აუხსენით, რატომ უნდა თქვან უარი იმ ძალაუფლებაზე, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა. საგანგებო მდგომარეობის ან მასთან დაახლოებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თუ საჭიროა ქვეყნისთვის, მთავრობამ მათ უნდა ჰკითხოს. პარლამენტს რატომ ართმევთ ამ უფლებას?” – ამბობს ბოკერია.

პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი