ახალი ამბები

მთავრობა მზად არის, პარლამენტში მივიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს – გახარია

21 მაისი, 2020 • 768
მთავრობა მზად არის, პარლამენტში მივიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პარლამენტში მისასვლელად მზად არის. როგორც მან დღეს, 21 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, 31 მარტიდან, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. შესაბამისად, მთავრობა ამ კითხვებზე პასუხებისთვის მზად არის.

გახარიას თქმითვე, პარლამენტში მისვლის მზაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილობით უკვე შეატყობინა.

“გვესმის, რომ ქვეყანა 31 მარტიდან 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობდა. ეს მდგომარეობა მთავრობის მხრიდან გარკვეულ ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს. ასევე გვესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეული კითხვებია დაგროვილი მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, კითხვები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. მზად ვართ, ეს განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთოთ. უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი გასცეს”, – ამბობს გახარია.

5 მაისს ცნობილი გახდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი გახარიას ინტერპელაცის წესით პარლამენტში იბარებდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობდა, რომ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები აქვს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. ბოკუჩავა გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არ მოიცავს საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ვისაც ყველაზე მძაფრად ეხება ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური ეფექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი