ახალი ამბები

ზურაბიშვილმა პარტიის ლიდერებს შეწყალების ამბავი ბრიფინგამდე 1 საათით ადრე აცნობა – კუჭავა

20 მაისი, 2020 • 656
ზურაბიშვილმა პარტიის ლიდერებს შეწყალების ამბავი ბრიფინგამდე 1 საათით ადრე აცნობა – კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას თქმით, პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ლიდერებს ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება ბრიფინგამდე მხოლოდ 1 საათით ადრე შეატყობინა. ამის შესახებ მან “რუსთავი2-ის” ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა კუჭავას სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების გადაწყვეტილება მან ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს წინასწარ აცნობა. კუჭავამ კითხვას ასე უპასუხა:

“თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბრიფინგამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, პირობითად ვამბობ, რომ შეატყობინოთ და ისიც მხოლოდ 3 ადამიანს, კონკრეტულად მიუთითა: თალაკვაძე, გახარია და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. არა ის, რომ “ამას ვაპირებ და რას ფიქრობთ”, არამედ “ამას ვაპირებ და იცოდეთ”. ანუ გადაწყვეტილი საქმეა და შემდეგ ბრიფინგი. მოულოდნელია, ხომ?”- განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო როგორც მისთვის, ისე ბევრი მისი თანაგუნდელისთვის. წამყვანის კითხვას, არჩილ თალაკვაძემ, რომელსაც ზურაბიშვილის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, უნდა გაეფრთხილებინა თუ არა თავისი გუნდის წევრები “ქართული ოცნების” ბრიფინგამდე, კუჭავამ უპასუხა:

“ბრიფინგის დროს ითქვა, რომ ჩვენთვის ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება და გავიგეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან, მეც განცხადებიდან გავიგე. რეაქცია რა უნდა ყოფილიყო, უნდა დაეწყოთ მოწერა, რომ ეს ასე ხდება?”- განაცხადა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მაისს განაცხადა, რომ ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებს წინასწარ შეატყობინა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში ხელისუფლების სხვა შტოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტიას პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან [შეწყალებასთან] დაკავშირებით არ ჰქონია და ამბავი მისი ბრიფინგიდან შეიტყვეს. ამ საკითხზე კომუნიკაციის არარსებობასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი