“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ პოლიტკორექტულობის ნიშანია, როცა პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი კონსტიტუციური უფლებაა, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლეს აცნობებს.
ასე გამოეხმაურა ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ მან არჩილ თალაკვაძეს, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.
„ოპოზიცია თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს იმიტომ, რომ ნორმალური, პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი, გარკვეული ფორმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში“, – აცხადებს ვოლკი. მის კომენტარს წერილობით ავრცელებს პარლამენტის პიარსამსახური.
გუშინ, 19 მაისს, “რუსთავი 2-თვის” მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში ხელისუფლების სხვა შტოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
“როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე [სახელისუფლებო] შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყევტილება იყოს სრულიად მოულოდნელი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტულად შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
15 მაისს, როცა პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ საჯაროდ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლების წევრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო. მმართველ გუნდს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კომუნიკაცია რომ არ ჰქონია ამის შესახებ განაცხადა მამუკა მდინარაძემაც.