ახალი ამბები

უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს — EMC „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ კანონპროექტზე

20 მაისი, 2020 • 1336
უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს — EMC „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ კანონპროექტზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირდაპირ და აშკარა რისკებს შეიცავს“. შესაბამის განცხადებას ორგანიზაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საუბარია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებაზე, რომელიც პარლამენტის ბიურომ 19 მაისს დაარეგისტრირა. კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ„ხაზი უნდა გაესვას კანონპროექტით გათვალისწინებული პირობების ძალიან ფართო და ბუნდოვანი რეგულირების პრობლემას, რომელიც იზოლაციის და კარანტინის დროს უფლების შეზღუდვის ძალიან აბსტრაქტულ, არაგანჭვრეტად და თვითნებობის მაღალი რისკების შემცველ პირობებსა და ღონისძიებებს აწესებს“.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, „წარმოდგენილი ინიციატივა საგანგებო მდგოამრეობის ნორმალიზაციას ახდენს და ფაქტობრივად შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას“.

ასევე, EMC-ში აცხადებენ, რომ „დაგეგმილ ცვლილებებში არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების რელიგიურ ორგანიზაციებზე გავრცელებასთან დაკავშირებული დამატებები, რისი რეგულირების საჭიროებაც პანდემიის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, აშკარად თვალისაჩინო გახდა“.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, ცვლილებები არ მიიღოს.


კანონპროექტთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი