ახალი ამბები

სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილი Zoom-ში მიუსაჯეს

20 მაისი, 2020 • 839
სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილი Zoom-ში მიუსაჯეს

სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა Zoom-ში, ვიდეოზარის საშუალებით მიუსაჯეს, წერს „გარდიანი“.

ამგვარად, ეს იყო პირველი შემთხვევა სინგაპურში, როცა ასეთი განაჩენი ბრალდებულს დისტანციურად აცნობეს.

საქმე ეხება მალაიზიის 37 წლის მოქალაქეს, რომელსაც ადგილობრივი პროკურატურა 2011 წელს ჰეროინის გადაზიდვაში მონაწილეობას ედავება.

„პროცესში ჩართული ყველა ადამიანის უსაფრთხოებისთვის საქმის მოსმენა ვიდეკონფერენციით მოხდა“, — განაცხადა სინგაპურის უზენაესი სასამართლოს პრეს-სპიკერმა.

ბრალდებულის ადვოკატიც, პიტერ ფერნანდო ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განაჩენი მართლაც Zoom-ის მეშვეობით მიიღო და აპელაციას განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები ასეთ შემთხვევებში Zoom-ის გამოყენებას აკრიტიკებენ, თავად ადვოკატი აცხადებს, რომ ამ მეთოდის წინააღმდეგი არაა.

სინგაპურს ნარკოტიკული საშუალებების საკითხში „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ აქვს და ბოლო ათწლეულებში ასობით ადამიანს, მათ შორის უცხოელებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

„სინგაპურის მიერ სიკვდილით დასჯა ვერაგული და არაჰუმანურია, ხოლო ამას კიდევ უფრო ამძაფრებს Zoom-ის მსგავსი დისტანციური ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანისთვის სიკვდილის მისასჯელად“, — ციტირებს „გარდიანი“ ფილ რობერტსონს, Human Rights Watch-ის აზიის ბიუროს დირექტორის მოადგილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი