ახალი ამბები

“შეიძლება, ტესტირების ხარვეზი იყო” – ეზუგბაია განმეორებით კოვიდის დადასტურებაზე

20 მაისი, 2020 • 1114
“შეიძლება, ტესტირების ხარვეზი იყო” – ეზუგბაია განმეორებით კოვიდის დადასტურებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, პაციენტის შემთხვევაში, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა და კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა, შესაძლოა, ტესტირების დროს ხარვეზი მოხდა.

ეზუგბაიას თქმით, სანამ სრულყოფილი მონაცემები უცნობია, რეინფიცირებაზე არ უნდა ვისუაბროთ.

“დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ. მნიშვნელობა აქვს, განმეორებით დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი თუ არა? ერთი ვარიანტია დადებითი ტესტი კლინიკური გამოვლინებების გარეშე. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით სრულყოფილი მონაცემები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტებს 24-საათიანი ინტერვალით ორჯერ უტარდებათ PCR ტესტირება.

“შესაძლებელია, რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს, თუმცა ეს არის ვარაუდი. ჩვენ ვიცით რამდენიმე პაციენტი, როდესაც კლინიკური ელიმინირების მიუხედავად, ვირუსის არსებობა გაგრძელდა. ერთ პაციენტთან 58 დღე დასჭრდა გამოჯანმრთელებისთვის. ასეთ პაციენტებთან მონიტორინგის დროს შეიძლება, რაღაც პერიოდში ერთი ანალიზისას მოხდა ხარვეზი. ეს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი, ანუ კონტაქტის დროს ახალი პაციენტის დასნებოვნება არ შეუძლია. მაგრამ ამას კვლევა სჭირდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა.

ქამუშაძის თქმით, პაციენტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაეწერა კლინიკიდან მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კველვების შედეგად მასზე კორონავირუსის ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პაციენტი მას შემდეგ საკარანტინე სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, სადაც ხელახალი შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

საჩხერეში გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი