ახალი ამბები

საია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს

20 მაისი, 2020 • 934
საია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს. საუბარია დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას თავად საია ავრცელებს.

საიას განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. საიას განმარტებით, კანონპროექტი უშვებს გარკვეულ უფლებათა შეზღუდვას არაპროპორციული მოცულობით და არ არის ორიენტირებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აუცილებლობაზე.

“კანონით უფლების შეზღუდვის აუცილებლობა – საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით. მართალია, კონსტიტუცია შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების და შეკრების უფლების შეზღუდვაზე ამგვარ დანაწესს პირდაპირ არ შეიცავს, თუმცა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.

უფლებების შეზღუდვის პროპორციულობა – კანონპროექტი უშვებს მთავრობისთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემას, რომლითაც მას ენიჭება უფლებამოსილება, შეზღუდოს დასახელებული უფლებები. კერძოდ, მთავრობას მიენიჭება შეზღუდვების დაწესების უფლება იმ ადგილებშიც, რომლებიც შეიძლება არც წარმოადგენდეს ეპიდემიის კერას ან საფრთხის შემცველ სივრცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიის კერაში შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ისედაც ადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპს”, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებასთან დაკავშირებით შეიცავს პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ზრდის კონსტიტუციით დაცულ უფლებებში გაუმართლებლად ჩარევის შესაძლებლობას.

“აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის პროცესების დისტანციურად ჩატარება.

როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომები ტარდება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო ამ ტიპის სხდომებზე დასწრება არის პრობლემური და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში საია ვერ ახერხებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მარტიდან 4 მაისამდე სასამართლო სხდომების მონიტორინგს. საია-მ სისხლის სამართლის მიმართულებით დისტანციურად მიმდინარე სხდომების მონიტორინგის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და თელავის რაიონულ სასამართლოებს, საიდანაც გვეცნობა, რომ დისტანციურ სხდომაზე ჩართვა ტექნიკურ პრობლემებს წარმოშობდა.

შესაბამისად, ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულებელყოფა”, – წერია განცხადებაში.

საია ასევე აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებამ შესაძლებელია პრაქტიკაში გამოიწვიოს სასამართლოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასამართლოს მხრიდან “მაღალია თვითნებობა სხდომაზე საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინოს განცხადებაში მოტანილი არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები და მათი გათვალისწინებით მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში.

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი