ახალი ამბები

ეკლესიის გარკვეული ნაწილის პოზიცია ვაქცინებზე ჩემთვის მიუღებელია – ზურაბიშვილი

19 მაისი, 2020 • 2087
ეკლესიის გარკვეული ნაწილის პოზიცია ვაქცინებზე ჩემთვის მიუღებელია – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ეკლესიის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილის მოწოდება კორონავირუსის ვაქცინების არგაკეთებასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფო საქმეებში ჩარევა და მიუღებელია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ასევე ეკლესიას და არამხოლოდ პატრიარქს და ინსტიტუტს, ეს გამოჩნდა არაერთხელ. მაგრამ აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ეკლესიიდან ზოგმა გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები იმიტომ, რომ ისედაც არის გავრცელებული მოსახლეობაში ფეიკ ნიუსების ფორმით, რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის, გონს მოვეგოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვლის თქმით, ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ხშირად არ ერევა, თუმცა, როცა ჩაერევა, აუცილებლად იტყვის.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა კონკორდატზე და აღნიშნა, რომ ის არის ძალიან დაბალანსებული და ამის გარანტორი თავად პრეზიდენტია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ის სინოდის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რადგან მხოლოდ ის ატარებს შემდეგ ამ პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი