ახალი ამბები

არ მქონია არანაირი კომუნიკაცია სენატორებთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე – ზურაბიშვილი

19 მაისი, 2020 • 1342
არ მქონია არანაირი კომუნიკაცია სენატორებთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც უცხოელი პარტნიორები გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას შესახებ იყენებენ ტერმინს “პოლიტპატიმარი”, ნიშნავს, რომ ცუდად ინფორმირებული არიან.

პრეზიდენტისვე განმარტებით, მას პირადი კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე სენატორებთან არ ჰქონია, რადგან ეს “არ არის მისი დონე”. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

“ეს ნიშნავს, რომ ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საჭიროა უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქართველი დიპლომატები სათანადოდ ვერ მუშაობენ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში ასეც იყოს.

“შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატამ იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე სალჩოს ელჩი ან თანამშრომელი და ხარ გართული ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერს ვერ ფარავ, როცა ხარ პატარა ქვეყანა, მით უმეტეს.

ამ პერიოდში, როცა აქეთ კოვიდია, აქეთ ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც იყო ძალიან რთული და ეს ვიცი პირდაპირი გამოცდილებით, და კიდევ ამ ვიღაც სენატორების თუ პარლამენტარების გამონათქვამები, ეს ერთ წუთში არ იცვლება. ეს არის ყველას გასაკეთებელი და არა მხოლოდ საელჩოების. იგივე ჩემი. მეტი შეხვედრები ალბათ და მეტი აქტიურობაა საჭირო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი იმაში, რომ მსგავსი ტერმინები არ იყოს გამოყენებული, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ჩართულია, თუმცა სენატორებთან პირადი კომუნიკაცია არ ქონია.

“ჩართული ვარ და პირველი, ვინც ჩემი გამოსვლის შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ გავათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები, მიიღო პირველი პასუხი, მაგრამ ეს არ იქნება უკანსკნელი პასუხი. არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია [სენატორებთან] იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი დონე, თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე ან ისეთ პირობებში, როგორც აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე. მაგრამ მე ვაპირებ, რომ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამისი ყველანაირი უფლება, რადგან მე ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო, რომ თავისი მხრიდანაც იგივე გამონახოს საკუთარ თავში – თავშეკავება. ეს იქნება აუცილებელი და ამას მივყვები, ეს იქნება ტვიტერის პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი