პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “მისთვის მძიმეა”, როცა დანაშაულში მხილებული პირები მხოლოდ პოლიტიკოსობის გამო გათავისუფლდნენ. ასე შეაფასა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალება.
“ამ შეწყალებასთან დაკავშირებით… მინდა იცოდეთ, რომ მე პოზიციებს არ ვიცვლი… ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანმა, რომელმაც 50 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, შეწყალება დაიმსახურეს. ეს ჩემთვის მძიმეა. კარგად მესმის რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებულ პოლიტიკოსების კასტას, რომელთაც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა”,-აცხადებს გახარია.
15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.
მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.