ახალი ამბები

ბერნის კონვენცია: რეკომენდაციები მთავრობას გარემოსდამცველთა საჩივრის საპასუხოდ

19 მაისი, 2020 • 2191
ბერნის კონვენცია: რეკომენდაციები მთავრობას გარემოსდამცველთა საჩივრის საპასუხოდ

“ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ” (ბერნის) კონვენციის მმართველი ორგანო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ეროვნული გეგმის შექმნისკენ, რომელიც მდინარეებზე წყლის ნაკადების დაცვისაკენ იქნება მიმართული. ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ ეს და სხვა მოწოდებები 7-8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე გაახმიანა, სადაც ერთხელ კიდევ განიხილა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა“  საჩივარი.

ორგანიზაციის თანახმად, საჩივარი „ბალკანეთის ველური ბუნების საზოგადოებასთან“ ერთად მომზადდა და ბერნის კონვენციას 2016 წელს წარედგინა, როდესაც საქართველოს მთავრობამ „ზურმუხტის საიტების“ კანდიდატების სიიდან ამოიღო „სვანეთი 1“, რადგან იმ ტერიტორიაზე ნენსკრა ჰესის აშენება გადაწყვიტა.

“ზურმუხტის ქსელი” ევროპის მასშტაბით იმ ტერიტორიათა ერთობლიობაა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით.

ბიურო მხარეებს ანგარიშების დროული წარდგენისთვის მადლობას უხდის და დადებითად აფასებს მთავრობის თანამშრომლობას “ზურმუხტის საიტების” დასაფუძნებლად, თუმცა აქვე გამოყოფს პრობლემურ საკითხებსაც და სახელმწიფოს რეკომენდაციებით მიმართავს.

ბიურო აღნიშნავს, რომ 12 ადგილი ამოღებული იქნა ზურმუხტის ტერიტორიების კანდიდატთა სიიდან ოფიციალური პირების მიერ მუდმივმოქმედი კომიტეტის 39-ე შეხვედრის დროს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ ადგილების შესწავლა წლის ბოლოს დასრულდება. ბიურო ასევე უსვამს ხაზს მტკნარი წყლების ჰაბიტატების ტერიტორიების შემცირებასაც, რომელთა აღრიცხვას მთავრობა ასევე წლის ბოლომდე აპირებს.

“მან [ბიურომ] ასევე აღნიშნა მომჩივნის შეშფოთება ზურმუხტის ტერიტორიების შემცირებულ რაოდენობასა და მასშტაბებზე, რაც გამორიცხავს იმ ადგილებს, სადაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება; ასევე, დიდი მდინარეების ნაკლებად დაცულობასა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სტრატეგიული დაგეგმარების არარსებობაზე”, – აღნიშნულია ბიუროს გადაწყვეტილებაში.

ბიურო მთავრობას მადლობას უხდის თანამშრომლობის სურვილისთვის და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწოდებს და სთხოვს მიჰყვეს მუდმივმოქმედი კომიტეტის რეკომენდაციებს ზურმუხტის ქსელის საიტების ეკოლოგიური ხასიათის ცვლილებების აღმოჩენის, გაცხადების, შეფასებისა და მათზე რეაგირების შესახებ. ბიურო ასევე მოუწოდებს ოფიციალურ პირებს, შეიქმნას ეროვნული გეგმა მდინარეებზე წყლის ნაკადების დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი