ახალი ამბები

რას აპირებს “ლელო” მაჟორიტარების საკითხზე

19 მაისი, 2020 • 1228
რას აპირებს “ლელო” მაჟორიტარების საკითხზე

პოლიტიკური მოძრობა “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობის მიღებას როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილში.

როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა, მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში “ლელო” საკუთარ კანდიდატებს წარადგენს, თუმცა იმ ოლქებში, სადაც დანარჩენ ოპოზიციას მათთვის მისაღები ძლიერი და კვალიფიციური კანდიდატი ეყოლება, “ლელომ” საკუთარი კანდიდატი შეიძლება არ დააყენოს:

“ჩვენი პოზიცია არის, რომ “ლელო” არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, არჩევნებში დამოუკიდებელად მიიღებს მონაწილეობას. არ ვაპირებთ ბლოკების და გაერთიანებების შექმნას, ვგულისხმობ პროპორციულ ნაწილს. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, “ლელოს” ოლქების დიდ ნაწილში დამოუკიდებელი კანდიდატები ეყოლება. თუმცა იქ, სადაც ოპოზიციას ეყოლება ძლიერი და კეთილსინდისიერი, ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას, რომ ამ ოლქებში ჩვენი კანდიდატი არ დავაყენოთ”, – ამბობს კოჟორიძე.

მისი თქმით, ეს პარტიაში შიდა კონსულტაციების საგანია და ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება, ვინაიდან დაპირებული ცვლილებები საარჩენო სისტემაში ამ დრომდე მიღებული არაა და არც მათი შესრულების გარანტიები არსებობს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავს შეხვედრებს, 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაციას გეგმავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება და დანარჩენი პარტიები მას დაუჭერენ მხარს.

ვაშაძე, უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობას არ გამორიცხავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი