ახალი ამბები

ვაშაძე, უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობას არ გამორიცხავენ

18 მაისი, 2020 • 1354
ვაშაძე,  უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობას არ გამორიცხავენ

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები იყვნენ მაჟორიტარულ ოლქებში.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებაშია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მაჟორიტარების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რის შემდეგაც საუბარი უფრო კონკრეტული გახდება. თუმცა პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ თავად თბილისში გეგმავს მაჟორიტარად კენჭისყრას ოპოზიციასთან ერთად:

“რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული. ალბათ, 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში.

პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით, “ახალი საქართველოს” გუნდი იქნება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” ფორმატით, რაც არის ენმ და სხვა პარტიები” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მაჟორიტარობას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის წინა ხაზი ახლა მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერები ამ ბრძოლაში ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ:

“საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკებები, ისევე, როგორც ვიმსჯელეთ დღეს, 20 ივნისის სავარაუდო აქციასთან დაკავშირებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დრო გვაქვს, რომ საერთო სტრატეგიაზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ.

დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. ყველა უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კოორდინაციას მიესალმებიან “რესპუბლიკურ პარტიაშიც”, თუმცა დავით ბერძენიშვილის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ თავად უნდა იყაროს კენჭი და ეს ოპოზიციის სპექტრის შეთანხმების საგანია:

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, მოხდეს კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში. ამის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, ნამდვილად 30 ოლქი გვექნება თუ არა და იმედი მაქვს, ასე იქნება. პარტიების ერთი ნაწილი მიიღებს კოორდინაციაში მონაწილეობას სრულად. შეიძლება აღოჩნდეს პარტიები, რომლებიც ნაწილობრივ კოორდინაციაში მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ. მთავარია, ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ თანამშრომლობის არაკონფრონტაციული მიდგომა.

მაჟორიტარობის კანდიდატები შესათანხმებელია, არ მაქვს განცდა, რომ მაჟორიტარი უნდა ვიყო. ეს არ არის პერსონალური საკითხები, ეს არის ძირითადად ოპოზიციურ სპექტრში შესათანხმებელი საკითხი” ,- ამბობს დავით ბერძენიშვილი.

კონკრეტულ კანდიდატებს არ ასახელებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, თუმცა ყურადღებას ამახვილებს, რომ ენმ-ს რამდენიმე რეგიონში ძლიერი კანდიდატი ჰყავს. ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ საკითხზე პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, სანამ მმართველი პარტიისგან საარჩევნო სისტემაზე ზუსტი პასუხი არ ქნებათ, რთულია კონკრეტულ კანდიდატებზე შეთანხმება:

“გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ გაუგებარია, უკიდურესად არაპროგნოზირებადი ივანიშვილი აპირებს თუ არა მიიღოს 120/30, თუ დატოვოს არსებული 73 სამაჟორიტარო ოლქი, რთულია კონკრეტულ მაჟორიტარებზე შეთანხმება, თუმცა პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს. რამდენიმე რეგიონში ჩვენ ძალიან გამოკვეთილი ადგილობრივი ლიდერებიც გვყავს, მათ შორის ისეთები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰქონდათ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ” ,- თინა ბოკუჩავა.

დიდი ალბათობით, მაჟორიტარად კენჭისყრას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც ვარაუდობს. უგულავას თქმით, მისი კანდიდატურა ლოგიკური იქნება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ოლქის დასახელებისგან თავს იკავებს, ვინაიდან სხვა პარტიებთან გეგმავს კონსულტაციების გავლას:

“მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები”, – ამბობს გიგი უგულავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი