ახალი ამბები

ნიკა მელია ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

19 მაისი, 2020 •
ნიკა მელია ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მელიას თქმით, აღნიშნული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს “პოლიტიკური ლიდერის ვალდებულებაა”.

“რომ გითხრათ, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ნებისმიერ ოლქში, არა, მაგრამ ვალდებულებაა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ომი.

ვერანაირად ვერ გაექცევი. მე ვიქნები ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ძალისხმევას, შრომას… ერთია სტუდიაში მიხვიდე და გადაცემაში მონაწილეობა მიიღო… დრო სჭირდება ყველაფერს, მომზადებას, კამპანიის დაგეგმვას. პლუს, ველზე მუშაობა დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა ლიდერის ტვირთიც ასეთია”, – აღნიშნა მელიამ.

წამყვანის კითხვას, სად იყრის კენჭს, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ეს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ორი სავარაუდო ოლქი დაასახელა:

“ეს დამოკიდებული იქნება საერთო შეთანხმებაზე. მე განვიხილავ თბილისში ერთ-ერთ ოლქს და ასევე ერთ-ერთ ოლქს დასავლეთ საქართველოში. ან სამეგრელო იქნება, ან თბილისი. თუ გვეყოლება ძლიერი კანდიდატი თბილისის რომელიღაც ოლქში და ანგარიშგასაწევი იქნება იმ ოლქში, რა თქმა უნდა, სხვა ოლქში გადავინაცვლებ. ვისაც მეტი შანსი ექნება ცალკეულ ოლქში, ის უნდა დადგეს იქ”, – აღნიშნა მელიამ.

ამავე დღეს, 18 მაისს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ – არ გამორიცხეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები იყვნენ მაჟორიტარულ ოლქებში.

ვაშაძე, უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობას არ გამორიცხავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი