“ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით – ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა 2012 წელს იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ეს იყო, ალბათ, ყველაზე მეტი ლეგიტიმაციით არჩეული პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი “ჩრდილოვანი” საგარეო მხარდაჭერების გარეშე, რომელიც უცხო არ იყო მანამდე არსებული ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს “ქართულ ოცნებას”, ვიდრე ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება”.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში, უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ისიც, რომ აშშ-თან თანამშრომლობა არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე… ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა კაკულიამ.
კაკულია ასეთ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ.
“მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ასევე, მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომლის განცხადებაც, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, იმას მაგონებს. ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც გააქტიურდება ან, ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში”, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.
რომან კაკულიას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა: დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაულმა და დემოკრატი ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.