ახალი ამბები

COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამო საფრანგეთში სკოლების ნაწილი ხელმეორედ დახურეს

18 მაისი, 2020 •
COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამო საფრანგეთში სკოლების ნაწილი ხელმეორედ დახურეს

საფრანგეთში სკოლების მესამედის გახსნიდან 1 კვირის შემდეგ, სასწავლო დაწესებულებათა ნაწილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო ისევ დაიხურა. საუბარია 70 შემთხვევაზე, რომელიც სკოლებთანაა დაკავშირებული. ინფორმაცია ფრანგულ და საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

AP-ს ცნობით, ქვეყანაში სკოლების ნაწილი წინა კვირას გაიხსნა, თუმცა დღეს, 18 მაისს, საფრანგეთის განათლების მინისტრმა რადიო RTL-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ბავშვების ნაწილს ახალი საფრთხის ქვეშ აყენებს და მთავრობას ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესის ხელახლა შეჩერება მოუხდა. ფრანგული მედიის თანახმად, ქვეყნის სამხრეთით 7 სკოლა უკვე დახურეს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული 70 შემთხვევა გავრცელდა მოსწავლეთა შორის თუ ინფიცირებულები მასწავლებლები არიან. მისი თქმით, ვირუსის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ადამიანები,”სავარაუდოდ”, სკოლების გახსნამდე დაინფიცირდნენ.

გასულ კვირას საფრანგეთში 40 000 დაწყებითი და საშუალო სკოლა გაიხსნა. მინისტრის თანახმად, სკოლებში მოსწავლეთა 30% დაბრუნდა. ამავე დროს, მთავრობამ მშობლებს შვილების სახლში დატოვების ნებართვაც მისცა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 142 411 შემთხვევაა აღრიცხული. პანდემიას 28 108 ადამიანი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი