ახალი ამბები

კობახიძე: კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა

15 მაისი, 2020 • 1248
კობახიძე: კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ “კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა” და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა:

“ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშივლის და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდი და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას”, – ამბობს კობახიძე.

მისი თმით, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ უგულავას და ოქრუაშვილის ციხეში ყოფნა პოლიტიკურ პოლარიზაციას არ განაპირობებს და არც ქვეყნის იმიჯს უქმნიდა საფრთხეს საერთაშორისო ასპარეზზე:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთხელ მიგვიღია გარკვეული პოლიტკრიმინალებსი დასაცავი წერილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ კრიმინალური რეჟიმების ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული”, – ამბობს კობახიძე.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი