“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად დარჩენილია ერთი ნაბიჯი – გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შესახებ ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“ეს [გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება] არის კარგი ნაბიჯი ქვეყნისთვის, ძალიან რთული პერიოდის დასრულებისკენ არის დიდი ნაბიჯი გადადგმული. ის, რაც სჭირდება ქვეყანას, ნორმალიზაცია, რისკების შემცირება, რომელიც უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას. არსებითად უფრო ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი ოქტომბრის არჩევნების წინ. შეთანხმების ამ ნაწილში ერთი ნაბიჯი დარჩა – ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი შეფასებით. შემდეგ- საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას და მერე გვექნება მწვავე, კრიტიკული საარჩევნო კამპანია, მაგრამ არსებითად უფრო ნორმალური, ვიდრე აქამდე იყო და ეს არის კარგი ქვეყნისთვის, არა რომელიმე პარტიისთვის, არა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, არამედ ყველაფრისთვის სწორი გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა ბოკერიამ.
ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიერ დასმულ კითხვაზე, თუ არის რაიმე საკითხი, რამაც შეიძლება დააბრკოლოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება.
დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.