ახალი ამბები

EMC: მთავრობის გეგმა საშუალო ფერმერებზეა ორიენტირებული და მოწყვლად ფენას დაუცველს ტოვებს

14 მაისი, 2020 • 750
EMC: მთავრობის გეგმა საშუალო ფერმერებზეა ორიენტირებული და მოწყვლად ფენას დაუცველს ტოვებს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) არასამართლიანად მიიჩნევს მთავრობის მიერ გაცხადებულ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, სამართლიანად გადაანაწილოს მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსები ფერმერთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ორგანიზაციის შეფასებით, მისასალმებელია, რომ არსებული კრიზისის პირობებში სახელმწიფო  ფერმერებს მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არაერთი მიმართულებით, თუმცა, მათივე მოსაზრებთ, ეს გეგმა არსებითი დახმარების მიღმა ტოვებს იმ ფერმერებს და სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ მხარდაჭერილი სახელმწიფოსგან.

კერძოდ, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, ფერმერები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებენ სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით დახმარებას, რაც EMC-ის შეფასებით, გულისხმობს იმას, რომ მსხვილი და საშუალო საფერმერო მეურნეობები მხარდაჭერას მათი მიწის ოდენობის პირდაპირპროპორციულად მიიღებენ. ასევე, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ის ფერმერები, რომელთაც მიწა არ აქვთ რეგისტრირებული, ასევე მიიღებენ დახმარებას, თუკი წლის ბოლომდე შეძლებენ მიწაზე ქონების უფლების რეგისტრაციას:

“პოსტსაბჭოთა პერიოდში დაწყებული პრივატიზაციის პროცესის შედეგად მიწის რესურსები მეტწილად მმართველი აპარატის ყოფილმა ჩინოვნიკებმა და საბჭოთა ინტელიგენციამ ჩაიგდო ხელში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მიწის მხოლოდ 45%-ია რეგისტრირებული. ხშირად, მოსახლეობის წუხილი სწორედ იმას უკავშირდება, რომ მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება და საკარმიდამო მიწები არ არის მათ ოფიციალურ საკუთრებაში.

2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმის ფარგლებში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურების გავლას ხშირად დიდი დრო და რესურსები სჭირდება, რაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებს, ყველაზე მეტად აბრკოლებთ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, EMC-ს განცხადებით, მოსახლეობის ნაწილისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ იმოქმედებს მიწის დარეგისტრირება სოციალურ დახმარებასა და სერვისებზე წვდომაზე. ორგანიზაციაციის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დამოკიდებულია ქონების რაოდენობაზე, მათ შორის, მიწის რესურსებზე, მიწის რეფორმების დაგეგმილ ღონისძიებებში მიმართვიანობა, როგორც წესი, დაბალია.

EMC-ის თქმით, ჭარბვალიანობის პირობებში (NDI, CRRC, UK Aid) 2019 წლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 54%-ს აქვს აღებული სესხი, უმცირესობათა დასახლებებში კი ეს მაჩვენებელი 61%-ია.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის მიწის დარეგისტრირებამ საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს აჩენს:

“სოფლებში მცხოვრები გლეხების დიდი ნაწილი, კონკურენციის გაწევის შესაძლებლობის არქონის პირობებში, ე.წ. არენდით ქირაობს იმ მიწებს, რომლებსაც წლების მანძილზე თვითონ ამუშავებდნენ. ამ კუთხით მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ჩვენი მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ გლეხებს სეზონურად საშუალოდ 600 ლარი უჯდებათ ერთი ჰექტრის იჯარით აღება და დამუშავება, რომელსაც თან ახლავს სარწყავ წყალზე ხელმიუწვდომლობის სერიოზული პრობლემები, რომელიც, როგორც წესი, მათ ხელში აღმოჩნდება ხოლმე, ვინც უფრო დაახლოებულია ბიუროკრატიასთან.

ამ პირობებში, ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილს მხოლოდ საკარმიდამო მიწები აქვთ სოფლებში და ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად უფრო მსხვილ და საშუალო ფერმერებთან დაქირავებულ იაფ მუშახელად არიან ჩართული და ძალიან მძიმე შრომას წევენ. იმ პირობებში, როდესაც ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას მაღალი წვლილი და შრომა შეაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში (საქსტატის 2018 წლის მონაცემებით რეგიონი პირველ ადგილზეა ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებლით), ადგილობრივი გლეხების შრომას კი სახელმწიფო ზურგს არ უმაგრებს სათანადო ინფრასტრუქტურის, მხარდაჭერისა და რესურსების მიწოდების გზით, ცხადია, რომ უსამართლობის განცდას აჩენს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის შეფასებით, ამ პირობებში აშკარაა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლებული და სარწყავი სისტემებისთვის გრანტის მიმღები პირებიც უმეტესწილად ამ რესურსების მქონე მსხვილი და საშუალო ფერმერები იქნებიან და ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, შესაძლოა პროგრამის მიღმა ტოვებდეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს სოციალური მხარდაჭერის და რესურსების ამგვარი გადანაწილება, რომელიც მეტწილად უფრო გავლენიან და საშუალო ფერმერებზეა ორიენტირებული და ვერ ხედავს იმ რეალურ საჭიროებებს, რომლებიც გლეხების უფრო დიდ და ნაკლებად დაცულ ნაწილს აქვს, პრობლემურია და განაწილების უსამართლო პრინციპებზე და ლოგიკაზე დგას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • სამართლიანად გადაანაწილოს გამოყოფილი რესურსები და დამატებითი ძალისხმევა და რესურსები მიმართოს სასოფლო საქმიანობაში ჩართულ იმ პირებზე, რომლებიც ამ მხარდაჭერას ყველაზე მეტად საჭიროებენ, მიწის რესურსების რეალურად საკუთრებაში არქონის, სარწყავ წყალზე და სისტემებზე ხელმიუწვდომლობის გამო.
  • მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების გახანგრძლივებასთან ერთად გაითვალისწინოს საბანკო ვალდებულებებსა და სოციალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული წუხილები, რომლებიც მიწის რეფორმას აფერხებს.
  • ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშაოს სოციალური დახმარების პაკეტი სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც მიწის რეგისტრაციას ვერ შეძლებს და მათ შორის, დაქირავებულ მუშახელად მუშაობს საშუალო და დიდ ფერმებში.

200 ლარი ჰექტარზე და საწვავი – სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა

მასალების გადაბეჭდვის წესი