ახალი ამბები

EMC შსს/პროკურატურისაგან კოხრეიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

14 მაისი, 2020 • 1272
EMC შსს/პროკურატურისაგან კოხრეიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შსს-სა და პროკურატურას მიმართა. ორგანიზაცია უწყებებს აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს, ვინაიდან მიაჩნია, რომ გათავისუფლებების პროცესი უკანონოა და მაუწყებელში კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფკავშირის საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნულ ქმედებებში კი EMC სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

“…გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მის მიზანს განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯა წარმოადგენს, რამდენადაც

  1. გ. კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელნი აღმოჩდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით;
  2. დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ;
  3.  გ. კორხეიძის ინიციატივითვე, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებელნი;
  4. დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და გამოყენებული იქნა მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ;
  5. გ. კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

EMC კოხრეიძის ქმედებებში სსკ-ის ორი მუხლით დარეგულირებულ, შესაძლო დანაშაულებს ხედავს: დევნას, რომელიც 156-ე მუხლით რეგულირდება და პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისთვის ან მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას, რასაც 166-ე მუხლი მოიცავს.

“…დგინდება, რომ ალტერნატიული პროფკავშირის შექმნის შემდგომ კოხრეიძე პროფკავშირის წევრებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში დაბრკოლებებს უქმნის, მან მოითხოვა მედიაციისა და კოლექტიური შრომითი დავის პროცესის შეწყვეტა, რომელიც პროფკავშირის ინიცირებული იყო და მისვე გადაწყვეტილებით სამსახურიდან გათავისუფლდა პროფკავშირის თავმჯდომარე”, – წერია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, პროცესს კი დააკვირდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. ორგანიზაცია ასევე მიმართავს პროკურატურას, უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კოხრეიძის მიმართ.


აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედებები ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მაუწყებლის დირექტორ ნათია კაპანაძეს “ქართული ოცნების” წარდგინებით დანიშნული მრჩეველთა საბჭოს წევრების ინიციატივით იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

აღნიშნულის შემდეგ, ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყო ჟურნალისტების გათავისუფლება და საინფორმაციო სამსახურიდან ჩამოშორება. ეს ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი იდევნებიან იმ თავისუფალი, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელიც არაერთი მონიტორინგისა თუ კვლევის შედეგად საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბოლო წლებში დაადასტურეს.

აჭარის ტვ-ის დირექტორმა ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლებების სერია 11 მაისს, გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანისა და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებით გააგრძელა.

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი