ახალი ამბები

ლამების ანტისხეულები COVID-19-ის წინააღმდეგ — ახალი კვლევა

13 მაისი, 2020 • 2058
ლამების ანტისხეულები COVID-19-ის წინააღმდეგ — ახალი კვლევა

გარეკანის ფოტოზე: ლამა, სახელად ვინტერი (ცენტრში). ფოტო: Tim Coppens

The New York Times-ისა და CNN-ის ცნობით, მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატიორიული კვლევის თანახმად, ლამების ანტისხეულებს შესაძლოა აქვთ თვისება, ეფექტურად შეებრძოლონ კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული დაავადებას.

რა ხდება?

ბელგიაში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ლამა, სახელად ვინტერი (Winter — ზამთარი). მან მონაწილეობა მიიღო სხვა კორონივირუსების — SARS-ისა და MERS-ის კვლევებში. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მის ანტისხეულებს ამ ინფექციებთან ბრძოლა შეეძლოთ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, იგივე ეფექტი COVID-19-ის შემთხვევაშიც ყოფილიყო. როგორც NYT წერს, ისინი მართალი აღმოჩნდნენ და თავიანთი დასკვნები ჟურნალ Cell-ში გამოაქვეყნეს.

რამდენად პერსპექტიულია ეს წამოწყება?

მეცნიერები, NYT-ის ცნობით, ანტისხეულების კვლევაში ლამებს დიდი ხანია მიმართავენ. მაგალითად, წინა ათწლეულში მეცნიერებმა მათი ანტისხეულები აივ ინფექციისა და გრიპის კვლევაში გამოიყენეს და ორივე ვირუსის თერაპიის პერსპექტიული საშუალებები აღმოაჩინეს.

საქმე ის არის, რომ ადამიანები „აწარმოებენ“ ანტისხეულების მხოლოდ ერთ ტიპს, რომელიც ცილების მხოლოდ ორი ტიპის ჯაჭვისგან შედგება. ლამები, თავის მხრივ, ანტისხეულების ორ ტიპს გამოიმუშავებენ. ერთ-ერთი ადამიანების მსგავსია — ზომითაც და შემადგენლობითაც, თუმცა მეორე ბევრად უფრო პატარაა — ადამიანის ანტისხეულების დაახლოებით 25%.

ლამების უფრო პატარა ანტისხეულებს შეუძლიათ, „წვდომა მიიღონ“ ვირუსის უფრო პატარა ნაწიკალებზე — ცილებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსის მსგავს ინფექციებს საშუალებსა აძლევს, შევიდეს მასპინძელ უჯრედში და დაგვაინფიციროს. ადამიანის ანტისხეულებს ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია. ამგვარად, ლამის ანტისხეულები ვირუსის ნეიტრალიზაციაში უფრო ეფექტიანია.

კვლევის ერთ-ერთი ავტორისა და გენტის უნივერსიტეტის მოლეკულარული ვიროლოგი, დოქტორ ხავიერ სალენსი ამბობს, რომ ლამების ანტისხეულებზე სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებაც უფრო ადვილია. როგორც ის ამბობს, შესაძლებელია მათი სხვა ანტისხეულებთან (მათ შორის ადმაიანის) დაკავშირება ან შერევა, რის შემდეგაც ლამების ანტისხეულები სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს.

ახალი კვლევის თანაავტორის, დენიელ ვრაპის თქმით, მსგავსი ანტისხეულები ზვიგენებსაც კი აქვთ, თუმცა ისინი „არ არიან კარგი მოდელი ექსპერიმენტისთვის და ლამებზე ბევრად უფრო ნაკლებად სასიამოვნონი არიან“. ზემოთ ხსენებული ხავიერ სალენსიც აღნიშნავს, რომ ლამები არიან მოშინაურებული, მარტივად სამართავი და ნაკლებად ჯიუტები, ვიდრე სხვა აქლემისებრები, თუმცა, „თუ არ მოეწონები, მოგაფურთხებენ“.

NYT-ის ცნობით, ლამებისა და კონკრეტულად კვლევაში ჩართული ვინტერის ანტისხეულების შესწავლა სალენსმა, ვრაპმა, ჯეისონ მაკლინმა (ტეხასის უნივერსიტეტის სტრუქტურულმა ვიროლოგმა) ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს.

მაშინდელი მონაცემების გამოქვეყნებას ისინი ჯერ კიდევ იანვარში აპირებდნენ, როცა ახალი კორონავირუსის პანდემიას ფართო მასშტაბი არ ჰქონდა მიღებული, თუმცა მიხვდნენ, რომ ლამის ანტისხეულებს, „რომელსაც შეეძლო SARS-ის ნეიტრალიზაცია, დიდი ალბათობით იმავეს იზამდა COVID-19-ის შემთხვეევაშიც“, — აცხადებს ხავიერ სალენსი.

როგორც NYT წერს, მკვლევრებს იმედ აქვთ, რომ ლამის ანტისხეულები, საბოლოო ჯამში, პროფილაქტიკურ მკურნალობად იქნება გამოყენებული და მათ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან დაინფიცირებული — მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკები. თუმცა, მართალია, იმუნიტეტი თავიდანვე ჩამოყალიბდება, მისი ეფექტი მუდმივი არ იქნება და დამატებითი ინიექციის გარეშე მხოლოდ ერთი-ორი თვე გაგრძელდება.

ამ მეთოდის ფართომასშტაბიანი გამოყენება, როგორც მინიმუმ, რამდენიმე თვე არ მოხდება, მაგრამ მკვლევრები უკვე მიუახლოვდნენ კლინიკური ტესტირების ეტაპს. შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა კვლევა, თუ რამდენადაა უსაფრთხო ადამიანებისთვის ლამების ანტისხეულების ინექცია.

„ამ ყველაფრის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ თუ ყველაფერი გამოვიდა, ლამა ვინტერი ძეგლის დადგმას იმსახურებს“, — აცხადებს ხავიერ სალენსი NYT-ის ცნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი