ახალი ამბები

სწრაფი ტესტების შემოტანაზე, რომელიც ჩინური აღმოჩნდა, საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა

13 მაისი, 2020 •
სწრაფი ტესტების შემოტანაზე, რომელიც ჩინური აღმოჩნდა, საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა კომპანიასთან, რომელსაც  კორონავირუსის დიაგნოსტირების მიზნით საქართველოში უნდა შემოეტანა ნიდერლანდებში, კომპანია “ბიოზეკის”მიერ  წარმოებული სწრაფი ტესტები.

საქმე ეხება სწრაფ ტესტებს, რომელსაც მწარმოებელი ასაღებდა ნიდერლანდებში წარმოებულად, სინამდვილეში კი ის ჩინური იყო. დღეს გამართულ ბრიფიგნზე გაბუნიამ თქვა, რომ თითქმის მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაწყდა მიმწოდებლის მხრიდან ვადების დარღვევის გამო.

გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფიგნზე ნეტგაზეთის კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ  ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ „ბიოზეკის“ ტესტი აპრილში დაარეგისტირა.

„ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას და, შესაბამისად, აღიარებითი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია. ეს ტესტი ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებშიც. ტესტს თან ახლდა არაერთი სერტიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

„ბიოზეკის“ კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, აღიარებითი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია, ის ასევე იყო რეგისტირირებული ნიდერლანდებში. ტესტს თან ახლდა არაერთი სერტიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული, ტესტმა დააკმაყოფილა“, – ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ანტისხეულების ტესტებს აქტიურ რეჟიმში ეძებდა, რადგან ამგვარ ტესტებს კორონავირუსის დიაგნოსტიკაში დამხმარე მნიშვნელობა აქვს. ეს ტესტი სისხლში ვირუსის წინააღმდეგ გამომუშავებულ ანტისხეულებს პოულობს, ეხმარება მკვლევრებს, დაადგინონ ვირუსის გავრცელების მასშტაბები.

გაბუნია იხსენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და კორონავირუსის საკოორდინაციო კომისიის მიერ „ბიოზეკის“ და სხვა ტესტების შესყიდვის საკითხი 22 აპრილს განიხილეს, ხელშეკრულება კი 24 აპრილს შედგა.

„ჩვენ მანამდე საჩუქრად მიღებული გვქონდა „ბიოზეკის“ 5 ათასი ტესტი, რომლის გამოყენება დაიწყო როგორც ცხელების, ასევე კოვიდის კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის გადამოწმებისთვის.

გარკვეული შედეგები ჩვენ ამ საწყისი გამოყენების საფუძველზე მივიღეთ და ასევე მოხდა შეფასება მცირე ჯგუფში –  მოხდა დადასტურებული პაციენტების ჯგუფში ტესტის გადამოწმება. შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, როგორც სწრაფი, ასევე პისიარ ტესტით. ამ შეფასებამ დადებითი შედეფები აჩვენა“,- აცხადებს გაბუნია.

მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე თქვა, რომ სამინისტროს პრაქტიკულად, არ ჰქონდა ტესტში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა:

„მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. მოგეხსენებათ, რამდენად საჩქაროა ამ ტესტების მომარაგება. ამდენად, იმის გამო, რომ დათქმულ ვადაში ტესტის მიწოდება ვერ მოხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ.

შესაბამისად, დღეს „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ჩვენ ამ მომენტში აღარ გვაქვს და არც იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვილება. ტესტების შესყიდვას სახელმწიფო აღარ განახორციელებს“, – ამატებს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე ყვება, რომ ტესტების შეძენისას სახელმწიფო ხელმძღვანელობს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით.

„ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 50 ათასი ანტიგენის ტესტი, რომლის იმპორტი მოხდა კორეიდან, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა არის ავსტრია. და ასევე გარკვეული რაოდენობით ანტისხეულის ტესტები, როგორც ადგილზე, ისე შესყიდვის პროცესში ასევე რეგისტრირებული მიმწოდებლისგან“, – აცხადებს გაბუნია.


ხელშეკრულება, რომლის შესახებაც დღეს, 13 მაისს, გაბუნიამ ისაუბრა, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია  Solemart-თან დადო. ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიას სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის, Inzek International Trading-ის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა.

თუმცა, როგორც „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩანს, Inzek International Trading-ის მიერ ჰოლანდიურად წარმოჩენილი და შემდგომ გაყიდული ტესტები, სახელწოდებით  Biozek,  არა ნიდერლანდებში, არამეთ ჩინეთშია შექმნილი.

ვრცლად წაიკითხეთ:

საქართველოს მიერ შეძენილი “ჰოლანდიური” სწრაფი ტესტები ჩინური აღმოჩნდა – ჟურნალისტური გამოძიება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი