ახალი ამბები

არ იქნება მართებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მივცეთ – ბესელია

13 მაისი, 2020 •
არ იქნება მართებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მივცეთ – ბესელია

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმების და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და  “ევროპული საქართველო” – აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიდრე ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს არ შეასრულებს, ე.ი. პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე არავის გათავისუფლების პირობა არ დაუდიათ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭიროს.

“საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს, უკანონო პატიმრებსაც და პოლიტიკური ნიშნით თუ არიან ადამიანები გასამართლებული, მათაც უნდა ეშველოთ. ამისთვის საჭიროა ხმის მიცემა. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. ვეცდები, რომ ეს პოზიცია დავასაბუთო. ის, რომ ჩვენ არ მივცეთ ხმა იმ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელმაც სისტემა უნდა შეცვალოს, არ იქნება მართებული. არ ვიცი, საერთო პოზიცია როგორი იქნება”, – განაცხადა ბესელიამ.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი