ახალი ამბები

DRI პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების ზეწოლაზე

13 მაისი, 2020 • 1276
DRI პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების ზეწოლაზე

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე. ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” თავად ავრცელებს.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.

“კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის დაუსაბუთებელი და არაერთჯერადი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაუწყებლის მიერ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების იდეას და ხელისუფლების მიერ მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

DRI განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა სიტყვის, აზრის, ან/და მის პოლიტიკურ საზოგადეობრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი ორგანოების შეფასებას საჭიროებს.

“ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არხის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის მიერ ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე გამოთქმული ბრალდებების დროული და ობიექტური გამოძიება”, – მიიჩნევს DRI.

ორგანიზაციის 13 მაისის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის მოვლენები, რაც აღნიშნული მიმართვის საფუძველი გახდა:

“დაახლოებით 1 წელია, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭო ახალი წევრებით დააკომპლექტა, რომლის უმრავლესობასაც პარტია „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი წევრები წარმოადგენდნენ. განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის შემოდგომაზე ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნეოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, DRI-ის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ახალი დირექტორის დანიშვნას ტელევიზიაში რადიკაულირ ცვლილებები მოჰყვა. მათ შორის საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სამსახურიდან დაითხოვეს სხვადასხვა თანამშრომელი, ხოლო 2020 წლის 8 აპრილს კოხრეიძემ ერთპიროვნულად დაამტკიცა “სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები”. დოკუმენტი თანამშრომლებს ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ ხელმძღვანელობას ინტერნეტში კომპანიის გაკრიტიკების შესახებ და არ გაავრცელონ არხის რეპუტაციისთვის შეუსაბამო ინფორმაცია. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების ნაწილის აზრით, არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება და კოხრეიძე ტელევიზიის მიერ მომზადებულ ახალ ამბებს დღემდე აკონტროლებს.

DRI ეხმაურება 2020 წლის 11 მაისს გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად დისკრედიტაციისა და ცილისწამების ფაქტები დაასახელა, რაც, არ წამოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და ცალსახად ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს

“აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გათავისუფლების, ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლის და სხვა პოზიციაზე გადაყვანის შემთხვევები, არ შეჩერებულა სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში ახალ ამბებს და, შესაბამისად, კრიტიკულ ინფორმაციას ქმნიდნენ, მათ შორის: ახალი ამბების უფროსი, რედაქტორი, წამყვანები და რეპორტიორი, დისციპლინური წარმოების გზით – დირექტორის მოადგილე”, – წერია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მოლოდინი, რომ მაისის ბოლოს სამ გადაცემას, “ჰეშთეგს”, “დილის ტალღას” და “რადიოვიზიას” დახურავენ.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” განცხადების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები ეჭვის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს, არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.

სოლიდარობა აჭარის ტვ-ის ჟურნალისტებს – მედიის აქცია ფეისბუკზე

მასალების გადაბეჭდვის წესი