ქართული ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილმა, ასევე სხვა მედიასაშუალებებმა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად ფეისბუკზე მთავარი ფოტო შეცვალეს სოლიდარობის გამომხატველი წარწერით.
აქციას შეუერთდნენ ნეტგაზეთი, ბათუმელები, ინდიგო, ლაივპრესი, OC media, პუბლიკა, media.ge, სამხრეთის კარიბჭე, რადიო ჰერეთი, პალიტრა ვიდეო, რადიო მარნეული, რუსთავი 2, ტაბულა, On.ge, ფორმულა, ინტერპრესნიუსი, აქცენტი, ჟურნალისტიკის რესურცენტრი, TOK TV, TV 25, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა “გხედავ”, ტელეკომპანია “გურია” (სია შეიძლება განახლდეს).
ამ გზით მედიასაშუალებები მხარდაჭერას უცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომელთა გათავისუფლება, ან საინფორმაციო სამსახურიდან ჩამოშორება ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყო. ეს ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი იდევნებიან იმ თავისუფალი, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელიც არაერთი მონიტორინგისა თუ კვლევის შედეგად საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბოლო წლებში დაადასტურეს.
აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედებები ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მაუწყებლის დირექტორ ნათია კაპანაძეს “ქართული ოცნების” წარდგინებით დანიშნული მრჩეველთა საბჭოს წევრების ინიციატივით იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
აჭარის ტვ-ის ჟურნალისტების დევნაზე განცხადება გაავრცელა კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”. დღევანდელი აქციაც სწორედ კოალიციის ინიციატივით იმართება.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიაზე თანამშრომლების განსხვავებული მოსაზრების გამო მათი დევნა და შევიწროება უწყვეტად გრძელდება.

აჭარის ტვ-ის დირექტორმა ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლებების სერია 11 მაისს, გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანისა და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებით გააგრძელა.
აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს