ახალი ამბები

თალაკვაძე სენატორ ჯიმ რიშს პასუხობს

12 მაისი, 2020 • 1367
თალაკვაძე სენატორ ჯიმ რიშს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით მათ სენატორ ჯიმ რიშისგან “განსხვავებული პოზიცია” აქვთ, რაზეც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარესთან “მეგობრული დისკუსია” ექნებათ თბილისში ან ვაშინგტონში. ჯიმ რიშის მიერ ტვიტერზე გავრცელებული კომენტარი თალაკვაძემ რ2-ის ეთერში მიმოიხილა.

“ის ამბობს, რომ ველოდები სრულად შესრულდეს შეთანხმება… და ჩვენც ველოდებით, რომ სრულად შესრულდეს შეთანხმება, არამხოლოდ ველოდებით, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ დაანებონ თავი მუქარას და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს და გეტყვით რატომ: აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10 პროცენტი რომ გაფლანგოს მერმა, მაინტერესებს, შეიძლება ამ ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცეს?

კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შეიძლება ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად დაკვალიფიცირდნენ?

აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია და უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მიეწოდება არგუმენტები და რეალობა”, – აცხადებს თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ჯიმ რიში არის პოლიტიკოსი, კონგრესმენებსა და სენატორებს კი შეფასების გაკეთების სრული შესაძლებლობა აქვთ, “მით უმეტეს, როცა ჩვენი მეგობრები არიან”:

“ჩვენ აქ უნდა შევხედოთ ფასილიტატორების და საელჩოს პოზიციას, რომელმაც პრაქტიკულად მიგვითითა, რომ ტექსტი ისე წაიკითხეთ, როგორც წერია, ინტერპრეტაციებით და საჩვენო თარგმანებით ეს შეთანხმება ვერ განხორციელდება”, – ამბობს თალაკვაძე.

ველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში

მასალების გადაბეჭდვის წესი