ახალი ამბები

ავღანეთში სამშობიარო განყოფილებაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

12 მაისი, 2020 • 1071
ავღანეთში სამშობიარო განყოფილებაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

ავღანეთში, საავადმყოფოზე მიტანილი შეტევის შედეგად ორი ჩვილი და 11 დედაა მოკლული, იუწყება BBC.

როგორც გამოცემა იუწყება, კიდევ 15 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაშავდა.

ამასთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთში პოლიციელის დაკრძალვის ცერემონიაზე მომხდარ შეტევას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აფეთქებას. ვინ დგას შეტევების უკან, ჯერჯერობით ნათელი არ არის.

როგორც BBC წერს, საავადმყოფოს თანამშრომელმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ შეტევისას (დილის 10 საათი ადგილობრივი დროით) გაქცევა მოახერხა, ხოლო საავადმყოფოში დაახლოებით 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სპეცდანაყოფის ძალებმა შენობიდან 100 ქალისა და ბავშვის გამოყვანა მოახერხეს. მათ შორის იყო სამი უცხოელი.

Reuters-ის ცნობით, საავადმყოფოში შეღწევა დამნაშავეებმა პოლიციის ფორმაში გადაცმულებმა მოახერხეს. რამდენიმესაათიანი სროლის შემდეგ ყველა მათგანი მოკლეს.

ჯარისკაცს საავადმყოფოდან გამოჰყავს ახალშობილი, რომელიც შეტევას გადაურჩა © ეპა

შეტევაზე პასუხისმგებლობას უარყოფს ორგანიზაცია „თალიბანი“, რომელმაც 2 თვის წინ აშშ-თან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

როგორც BBC წერს, წარსულში ამგვარ შეტევებს ძირითად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიაწერდნენ, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს. ავღანური დაზვერვის ცნობით, ორგანიზაციის ლიდერი სამხრეთ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში და სხვა მაღალჩინოსნები ქაბულში სამშაბათს დააპატიმრეს.

ამასთან ერთად, BBC-ის ცნობით, საავადმყოფოებზე შეტევას ადრე „თალიბანიც“ ახორციელებდა — წინა წლის სექტემბერს ზაბულის პროვინციის სამხრეთში მათ მიერ მოწყობილ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.


გარეკანის ფოტო: AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი